ჟურნალისტზე მოძალადე შინჯიკაშვილი ამბობს, რომ დაკავების არ ეშინია და ამტკიცებს, რომ "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი მის სახლში უნებართვოდ შეიჭრა: "მე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა, გუშინ ვინც იყო მოსული, იმას ტვინი საერთოდ არა ჰქონდა და როგორ შეერყა? იქ მე ქალი არ მინახია, იქ ვიღაცა ქაჯი იყო მოსული და ვიღაცა გაუზრდელი ახალგაზრდა იყო მოსული , მამაკაცი... რატომ უნდა მეშინოდეს დაკავების? ოჯახში შემოვიდა დაუკითხავად" - ამბობს შინჯიკაშვილი ტვ პირველთან.
შეგახსენებთ, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს, გუშინ, თავს დაესხა ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე - გუბერნატორის მამა და ფიზიკურად გაუსწორდა. მან გადამღებ ჯგუფს წაართვა კამერა, ჟურნალისტს კი პირადი მობილური ტელეფონი.
შინჯიკაშვილმა აპარატურა მოგვიანებით დააბრუნა. მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა აქვს და საავადმყოფოშია.
ტვ პირველის გადამღები ჯგუფი შინჯიკაშვილის სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ შინჯიკაშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა.