დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა და მუშაობას რეგიონული განვითარების სამინისტროში განაგრძობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მან კვინიკაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„დათო არის ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი. იგი 2015 წლიდან შემოუერთდა ჩვენს გუნდს, ვაკის გამგეობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, რაიონის გამგებლის თანამდებობას კი 2021 წლიდან იკავებდა. ბევრი კარგი პროექტი აქვს ჩვენთან ერთად განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მიიღო, მომავალ საქმიანობაში გამოადგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.