„ან სახლში იქნება, ან ნაგავში“ - ამბობს მოწმე პოლიციელი ნიკოლოზ მანჯავიძე პოლიციის იმ ფორმაზე, რომელიც მას 28 ნოემბერს, აქციაზე ეცვა. მანჯავიძე, რომელიც დაზარალებულადაა ცნობილი ამბობს, რომ არ ახსოვს, გაეცნო თუ არა დაზარალებულად ცნობის დადგენილებას, საქმის მასალები არ გამოუთხოვია და არ მოუწერია ხელი დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე 8 პოლიტპატიმრის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები იკითხებიან. ვერც ერთი მათგანი ვერ ასახელებს, ვინ მიაყენა მათ დაზიენებები.
მანჯავიძის თქმით, მისი სამოსი დასვრილი იყო, თუმცა "სისხლით თუ სხვა რაიმეთი", არ იცის, თუმცა ამბობს, რომ „ხელი დაესვარა“ სისხლით.
მისი სამოსი გამოძიებას ნივთმტკიცებად არ ამოუღია, სხვა დაზარალებული პოლიციელების სამოსის მსგავსად.
ნიკოლოზ მანჯავიძემ ასევე თქვა, რომ არ იცის, მისი დაზიანება გამოიწვია თუ არა "ზვიად ცეცხლაძის მიერ დაორგანიზებულმა ჯგუფმა", თუ ასეთი საერთოდ არსებობდა.
შეგახსენებთ, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.