სალიანდაგო ღორღის შესყიდვის მიზნით, რკინიგზის მიერ გამოცხადებული 3.6 მილიონიანი ტენდერი, რომელშიც შპს ჯორჯიან ბაზალტმა 2-ჯერ მოიგო, ორივეჯერ უარყოფითი შედეგით დასრულდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პირველ შემთხვევაში მიზეზი საბანკო გარანტიების შეუსაბამობა, მეორე შემტხვევაში კი ტექნიკურ დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობა გახდა, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ შპს ჯორჯიან ბაზალტის პროდუქციისთვის შესაბამისობის სერთიფიკატის გამცემ კომპანიას ამის აკრედიტაცია არ აღმოაჩნდა.
შედეგად, საქართველოს რკინიგზამ სალიანდაგო ღორღის შესასყიდად ტენდერი მესამედ გამოაცხადა, წინადადებების მიღება 15-17 ივნისის შუალედში მოხდება.
ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, 120 000 მ3 ღორღის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 კალენდარული თვის განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთანავე, ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არაუმეტეს 50 000 მ3 ღორღის მიწოდება, ხოლო დარჩენილი რაოდენობის მიწოდება უნდა განახორციელოს მომდევნო 12 კალენდარული თვის განმავლობაში.
რაც შეეხება კომპანიას, რომლის მონაწილეობაც ღორღის ტენდერში ორჯერვე უარყოფითად დასრულდა.
შპს ჯორჯიან ბაზალტის გენერალური დირექტორი ლევან კალმახელიძეა, ფინანსური დირექტორი კი დავით ბეჟაშვილი. 50%-ს შპს გლობალ ტრანსი 50%-ს კი შპს ველაჯიო ფლობს.
თავის მხრივ გლობალ ტრანსის 100%-ს შპს ჩემექსიმ ინტერნეიშენალი ფლობს, რომელიც მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. დირექტორი კი დავით ბეჟაშვილია.
შპს ველაჯიოს გენერალური დირექტორი მანანა ჯაფარიძეა, 100%-ს კი გლობალ ინვესტორს ლიმიტედი ფლობს, რომელიც მალტაზეა რეგისტრირებული, აღნიშნული კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები სოსო და ლევან ფხაკაძეები არიან. სწორედ ეს კომპანია ფლობს ვენდის და დანკინის 100%-იან წილებს.