
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით, 2019 წელს ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ნომინარული ხელფასი განათლების სფეროში გაიცა.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი დარგები კი შემდეგნაირია:
საქსტატის მიხედვით, 2019 წელს დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა
1 129.5 ლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 5.7%-ით მომატებულია. ცნობისთვის, 2008 წელს იგივე მაჩვენებელი 40%-ს აჭარბებდა, 2011 წელს კი 12%-ზე მეტს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომისტები საქსტატის მიერ საშუალო ხელფასის გამოთვლის მეთოდოლოგიას არ ეთანხმებიან:
"საქსტატს გამოჰყავს საშუალო არითმეტიკული, რაც არ გვაძლევს რეალურ სურათს. უნდა შეიცვალოს მეთოდოლოგია და დაითვალოს ე.წ. მედიანური ხელფასი, რომელიც ამ საქსტატის მიერ მოცემულ საშუალო ხელფასზე უფრო დაბალი იქნება, მაგრამ ახლოს იქნება რეალობასთან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ხელზე ასაღები 1 000 ლარი საქართველოში ბევრ ადამიანს არ აქვს", - ამბობს "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე.
ხელფასის დათვლას არითმეტიკული საშუალოს გამოყენებით მოძველებულ მეთოდად მიიჩნევს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილიც და აღნიშნავს, რომ საშუალო მაჩვენებელი სრულად არ ასახავს რეალურ სურათს, რადგან ის ითვლება მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებში, რაც მოსახლეობის მხოლოდ 23%-ია.
ამასთან, ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონის გათვალისწინებით, საშუალო ხელფასი არათუ გაიზარდა, არამედ - შემცირდა:
"2019 წელს თუ საშუალო ხელფასი დაქირავებული მუშა ხელის 5.7%-ით გაიზარდა, ეს რეალურად ინფლაციის გათვალისწინებით შემცირებას ნიშნავს, რადგან ინფლაციამ 7% შეადგინა. ანუ გამოდის, რომ საშუალო ხელფასი 61.2 ლარით კი არ გაიზარდა, არამედ 13 ლარით შემცირებულა. ეს კი, ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყნისთვის, სავალალო მაჩვენებელია. ეს ყველაფერი კი 2019 წელს ხდება, როცა ხელისუფლება წარმატებულს ეძახის მათ ეკონომიკურ პოლიტიკას. ახლა, 2020-ში, როცა კორონაპანდემიის დროს გაუაზრებელი და მავნებლური ნაბიჯები გადაიდგა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობა იქნება" - ამბობს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.
რაც შეეხება საქსტატის მიერ ხელფასების რეგიონალურ განაწილებას, ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება თბილისშია - 1350 ლარი, მას მოსდევს აჭარა - 952.9 ლარი.
ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მოსახლეობას აქვს და ის 556.9 ლარს შეადგენს.

ასევე, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულთა საშუალო თვიური ხელფასი 237.4 ლარით აღემატებოდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა მაჩვენებელს.

რაც შეეხება ხელფასების გენდერულ განაწილებას, 2019 წელს ქალების საშუალო თვიურმა ხელფასმა 869.1 ლარი შეადგინა, რაც მამაკაცების ანაზღაურებაზე 492.7-ით ნაკლებია. საქმიანობის სახეების მიხედვით, გაცემულ ხელფასებში გენდერული დისბალანსი თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბოლოს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 194.8 ლარს შეადგენდა. ამავე წელს, ქვეყნიდან 105 107 ადამიანი ემიგრირდა.
ავტორი: ანა რურუა