
წალკაში ოთხი სოფლის საბავშვო ბაღის, ოთხი შენობა უკვე ორი წელია უფუნქციო დგას. მილიონი ლარი მშენებლობასა და რემონტზე დაიხარჯა, თუმცა ბავშვებისთვის ბაღის კარი ისევ დაკეტილია, არადა ამ საბავშვო ბაღებში 240 აღსაზრდელს უნდა ევლო.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, შენობები, რომელიც ხალხს მილიონი დაუჯდა, უვარგისია, თუმცა წალკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არაფერი გაუკეთებია, მშენებელი კომპანიისათვის დაბზარული კედლების და შეცდომით დამონტაჟებული გათბობის სისტემის გამო, პასუხი მოეთხოვა.
კომპანია, რომელსაც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო ხელი დააფარეს და თავისივე გაფუჭებული საქმის შესწორებაც კი არ მოითხოვეს, შპს „კ და გ“-ა. ამ კომპანიის ძებნაში ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილას მივადექით.
სოფელ ჭორვილაში ადასტურებენ, რომ კომპანია „კ და გ“ მფლობელები, ძმები კობა და გურამ გოგატიშვილები, რომლებმაც უვარგისი შენობების მშენებლობა რემონტისთვის ერთ მილიონი აიღეს, ივანიშვილის ოჯახის ახლობლები არიან. მათ ბიზნესი აღზევება ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. ჯამში მათ ანგარიშზე სამ მილიონამდე ლარია ჩარიცხული, სარემონტო სამუშაოებს ამ კომპანიას, წალკის მუნიციპალიტეტი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საჩხერის მერია უკვეთავენ. ტენდერების მონიტორინგზე მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, რომ ჭორვილაში რეგისტრირებული კომპანიის გასამარჯვებლად ხშირად მის კონკურენტებს ბაზრიდან აძევებენ.
რატომ ააშენეს, წალკაში ბაღები უხარისხოდ და როგორ ემთხვევა დროში ამ კომპანიის აღზევება ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას. კომპანიისთვის რეგისტრაციის მისამართზე, ოფისის ნაცვლად დაკეტილი საცხოვრებელი სახლი დაგვხვდა. ადგილობრივები გვითხრეს, რომ ბიზნესმენი ძმები ჭორვილას ძირითადად ზაფხულობით სტუმრობენ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ანნა მიროტაძე ამბობს, რომ ჭორვილაში რეგისტრირებულ კომპანიებს, როგორც წესი ივანიშვილის და, მაგული ივანაშვილი ლობირებს, რომელიც რეგიონის მინი ოლიგარქია. მის გარეშე საჩხერეში ვერცერთ კომპანია ვერ ოპერირებს.
კომპანიის მფლობელი, რომელმაც ფული აიღო და 240 ბავშვი ბაღის გარეშე დატოვა, ბრალდებებს არ პასუხობს, ტელეფონით მხოლოდ ის გვითხრა რომ მაგული ივანიშვილს არ იცნობს და მზად არის ხატზეც დაიფიცოს.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნით დადასტურებულია, რომ ჭორვილაში რეგისტრირებულმა კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, ახლა ჯერ სახელმწიფოზეა გაბედავს თუ არა ივანიშვილთან კავშირში მყოფი კომპანიის დაჯარიმებას.