ქვემო ქართლის მოსახლეობა რუსული ტელევიზიების ინფორმაციის პირისპირაა დარჩენილი

გამოქვეყნდა:

ქვემო ქართლის მოსახლეობა უცხო, მტრული ქვეყნის ტელევიზიების ინფორმაციის ამარაა დარჩენილი. ნინოწმინდასა და ახალქალაქში მცხოვრებლები არ ერიდებიან იმის თქმას, რომ ინფორმაციას, ძირითადად, რუსული ან სომხური არხებიდან იღებენ. ქართული არ იციან, ამიტომ ტელევიზორს მათთვის გასაგებ ენაზე რთავენ. 

 2014 წლიდან ამერიკის საელჩოს დაფინანსებით გაფორმდა ხელშეკრულება, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რეგიონულ ტელევიზიებს შორის. პროექტის თანახმად, საზოგადოებრივი არხი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნ "მოამბის" გამოშვებებს ყოველდღიურად მიაწვდიდა რეგიონულ ტელევიზიებს და მისცემდა მათ რეტრანსლირების საშუალებას.  

2017 წლის იანვარში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირეტორის თანამდებობაზე ვასილ მაღლაფერიძე დაინიშნა და ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა,  "მოამბის" რეტრანსლირებაზე რეგიონულ ტელევიზიებს უარი განუცხადა. გადაწყვიტა, რომ გამოშვებების საიტზე ატვირთვა საკმარისია და ვისაც აინტერესებს, შეუძლია იქ ნახოს. თუმცა რეგიონის მცხოვრებლების უმრავლესობისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

რეგიონული ტელევიზია "ფარვანა" სამცხე-ჯავახეთში უკვე 30 წელია მაუწყებლობს. ამ პატარა ტელევიზიას სულ 13 თანამშრომელი ჰყავს. "ფარვანის" დირექტორი ალბინა ვართანიანი დაფინანსების შეწყვეტისა და იმის მიუხედავად, რომ რეტრანსლირებაზე მათი თხოვნის წერილებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხან უარით პასუხობდა, ზოგჯერ კი საერთოდ უპასუხოდ ტოვებდა, 2017 წლიდან დღემდე, მაინც აგრძელებდა სომხურენოვანი "მოამბის" ეთერში გაშვებას.

ყველაზე უცნაური ამ ისტორიაში ის არის, რომ 4 წლის განმავლობაში არავის მოუკითხავს "ფარვანასთვის" რეტრანსლირების უფლება და მხოლოდ ახლა, როდესაც სამცხე-ჯავახეთთან ახლოს ვითარება დაიძაბა და მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს პოლიტიკის გაცნობა და სწორი ინფორმაციის მიწოდება, კომუნიკაციების კომისია წერილს აგზავნის ნინოწმინდას ტელევიზიაში და მათგან პასუხს ითხოვს, თუ რის საფუძველზე უშვებენ ეთერში სომხურ ენაზე თარგმნილ საინფორმაციო გამოშვება "მოამბეს".

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელს ნათია კუპრაშვილს უჭირს ახსნა მოუძებნოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ პოზიციას, როდესაც მისი პირდაპირი მოვალეობაა ეთნიკური უმცირესობებისთვის მათ მშობლიურ ენაზე მომზადებული პროდუქტი ამ რეგიონების მოსახლეობას მიაწოდოს.

ყარაბაღში საომარი ვითარების ფონზე განსაკუთრებულად საშიში ხდება ამ რეგიონების მოსახლეობის რუსული ტელეარხების პროპაგანდის ამარა და მათთვის ალტერნატიული, ჩვენი სახელმწიფოს ოფიციალური პოლიტიკის გაცნობის გარეშე დატოვება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი გადასახადებიდან, მათ შორის ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის მცხოვრებლების გადასახადებიდანაც ფინანსდება. 2020 წელს მისი ბიუჯეტი კიდევ 6 მილიონი ლარით გაიზარდა და თითქმის 70 მილიონ შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონიც ავალდებულებს და დაფინანსებაც მსუყე აქვს, დღეს ქვეყნის  ყველაზე მოსაფრთხილებელი ნაწილის მოქალაქეები ხელისუფლებას ეთნიკური სეპარატიზმის გაღვივების საშიშროების წინაშე, რუსული პროპაგანდისტული მედიის ამარა ჰყავს მიტოვებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი