დოდო ჭოტორლიშვილს 14 წლის მუშაობის შემდეგ უთხრეს, რომ კასპის საშუალო სკოლის დირექტორი ვეღარ იქნებოდა. უკაცრავად, არც კი უთხრეს, შემთხვევით გაიგო. იმიტომ კი არა, რომ გამოცდილება და კვალიფიკაცია არ აქვს, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არჩევნებში დახმარებაზე უარი უთხრა. განათლების სამინისტროსთვის კი 14 წლიანი სტაჟის მქონე დირექტორის გამოცდილებაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტიული ინტერესები აღმოჩნდა.
პარტიული ინტერესების დაკმაყოფილებას კი ქართული ოცნება ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობს. ინფაქტის ნიშნებით კასპის საშუალო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი გუშინ საავადმყოფოში მოათავსეს. ახლა მკურნალობას სახლში აგრძელებს, მაგრამ ამბობს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტს. რატომ არის განათლების სამინისტროსთვის დოდო ჭოტორლიშვილი მიუღებელი კანდიდატი თავადაც იცის, ოჯახის ყველა წევრმაც და ახლა უკვე მთელმა საქართველომ. მისი შვილი გაერთიანებული ოპოზიციის ბოლნისი-დმანისის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბის წევრია.
მცხეთა-მთიანეთის რაიონში კიდევ 5 სკოლის დირექტორი მოხსნეს. არცერთ მათგანს არ უთხრეს რომ ვადა ამოიწურა და მოვალეობის შესრულებისთვის განცხადება უნდა გაეგზავნათ. წეროვანის საჯარო სკოლის უკვე ყოფილმა დირექტორმა რამინ ჩიტიშვილმა შემთხვევით აღმოაჩინა რომ სამინისტრომ მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი რომ იკითხა არავის დაუმალავს, რომ ოპოზიციური კანდიდატის ცეზარ ჩოჩელის მხარდაჭერის გამო არასასურველი დირექტორი იყო.
2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ზეწოლის გამო ია კერზაიამ სიცოცხლე დაასრულა.
ია კერზაია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო. 2018 წელს ის განათლების სამინისტროსა და "ქართული ოცნებისგან" განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო რამდენჯერმე გახდა მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი.
მისდამი დაქვემდებარებულ სკოლაში, ანონიმური წერილის საფუძველზე, რამდენჯერმე ჩატარდა აუდიტორული შემოწმება, რა დროსაც დარღვევები ვერ აღმოჩინეს, მაგრამ პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, პედაგოგებსა და დამლაგებლებსაც კი ხისტი მეთოდებით კითხავდნენ და ცდილობდნენ, დირექტორის საწინააღმდეგო ცნობების მოპოვებას.
ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ყოფნამ ია კერზაიას ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, ის ინსულტის შედეგად ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
მისი შვილი, ბაჩანა შენგელია, რომელიც ადვოკატია, დღეს ამბობს, რომ არ იცვლება სისტემა და იცვლებიან მხოლოდ სისტემის მსხვერპლნი.