ალეკო ელისაშვილი გისმენთ - ხალხთან საკონტაქტოდ თავისი პირადი ნომერი რამდენიმე თვეა რაც საარჩევნო ბანერებზე გაასაჯაროვა და საბურთალოელებს მოუწოდა, ნებისმიერ საკითხზე დაუკავშირდნენ რადგან ისინი უკეთეს ქალაქს იმსახურებენ.
ელისაშვილთან ერთად მოქალაქეების მოსასმენად მზად არის პარტიის ათეულიც. ისინი ამომრჩეველს თავად სიის პირველმა ნომერმა წარუდგინა. ალეკო ელისაშვილმა შეხვედრაზე ყველას პირადი ნომერი გაასაჯაროვა.
ელისაშვილი და მისი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მოქალაქეობა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მოქალაქეობა ღირსებაა, ხოლო ცოდნა, შრომა და პატიოსნება - მთავარი სამოქალაქო ღირებულებები.
42 წლის პოლიტიკოსმა უკვე მოასწრო ყოფილიყო თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი. 3 წლის წინ მანდატი მას შემდეგ დატოვა, რაც დედაქალაქის საკრებულოში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბიძინა ივანიშვილს ერთ ლარად გადაუფორმეს მიწის ნაკვეთები - ახლა მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი, ერთი კაცის ინტერესების გამტარებელად არ უნდა გადაქცეულიყო.
პარტია მოქალქეების წევრები მზად არიან 24 საათის განმავლობაში, უპასუხონ მოსახლეობის ზარებს და არა მხოლოდ მოუსმინონ, ნდობის გამოცხადების შემთხვევაში მათი პრობლემების მოსაგვარებლად საპარლამენტო ტრიბუნა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ.