ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ლიდერი ნიკა მელია ტვ მთავარის გადაცემაში "ღამის მთავარი" გიგა ოთხოზორიას ოჯახს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ წარმოუდგენია, რა განცდებში იქნებოდნენ გუშინ მიმდინარე მოვლენების დროს მოკლული გიგას ახლობლები და განსაკუთრებით, მამა, რომლის შვილის მკვლელმა ისე თავისუფლად გადაკვეთა ადმინისტრაციული საზღვარი, ვითომც აქ არაფერიო.
უკვირს ვინმეს, რომ ამ ტიპმა ფული წაიღო და წავიდა? კაცი მოგვიკლეს აგერ, ადმინისტრაციულ საზღვართან, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში და ვერაფერი გააკეთეს... მე მინდა, ბოდიში მოვუხადო გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს, მამამ თქვა, შვილი მომიკლა და ისე გაბრუნდა უკან, თითქოს არაფერი არ მომხდარაო... წარმოგიდგენიათ, რა განცდებში იქნებოდნენ, როცა მთელი ერი განვიცდიდით ბანკზე თავდასხმის საქმეს, როცა ეს ადამიანი შევარდა, ჯერ ისროლა, თითქოს "ბიჭია, ბიჭიაო!", მერე მძევლად პოლიციის უფროსი აიყვანა, ფული წაიღო და წავიდა, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორია 2016 წლის მაისში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში, ოკუპანტებმა მოკლეს. ე.წ. მესაზღვრე ლავას-ოღლი გიგა ოთხოზორიას გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიიდან დაედევნა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და ოთხოზორიას რამდენიმე ტყვია ესროლა, ბოლოს კი საკონტროლო გასროლით მოკლა. ლავას ოღლი ამ დრომდე დაუსჯელია.
ასევე აღსანიშნავია, რომ იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, სადაც გიგა ოთხოზიორია მოკლეს, წინა ხელისუფლების დროს შსს-ს საგანგებო დავალებათა სამმართველოს პოსტი იყო განთავსებული, რომელიც 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, გააუქმეს.