"ქართულმა ოცნებამ" მუნიციპალიტეტებში საიდუმლო შტაბები აამოქმედა. ერთ-ერთი ასეთი შტაბი სამტრედიაში, "წითელი ჯვრის" ოფისში ფუნქციონირებს.
სქემა "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაშიფრა - ფარულ კადრებში ჩანს, რომ შტაბებში "ოცნების" მაღალჩინოსნები და პარტიასთან დაახლოებული პირები იმყოფებიან.
"მთავარის" ინფორმაციით, შტაბიდან სურსათსა და ფულს საარჩევნოდ ხმების მოსასყიდად ანაწილებენ
საიდუმლო შტატების თემას "ენმ-ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეხმაურება და ამბობს, რომ პარტია ნებისმიერ სხვა დარღვევაზე ფარული შეხვედრებისა და "ოცნების" სქემების ვიდეო-კადრებს აუცილებლად გააშუქებს.
"ჩვენ მივმართეთ არასამთავრობოებს და შევატყობინეთ, რომ შტაბები "წითელი ჯვრის" ოფისშია ამოქმედებული. ჩემი ინფორმაციით, ისინი დაუკავშირდებიან გერმანიის სათავო ოფისს და საქმის კურსში ჩააყენებენ, თუ როგორ მოქმედებს ორგანიზაცია საქართველოში - ეს არის უკანონობა და სისხლის სამართლის საქმე", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციაში ფარული შტაბების არსებობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გავრცელებული ინფორმაცია აბსურდულია.