საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, არჩევნები - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს აფასებს და ამბობს, რომ "საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები". ინფორმაციას პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვეცნობით. 

"მიუხედავად ურთულესი და უპრეცედენტო გამოწვევებისა, გუშინდელმა საპარლამენტო არჩევნებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობის და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს.

ჩვენ შევძელით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მაჩვენებლით და მძიმე დარღვევების გარეშე. თითოეულ ამომრჩეველს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ამისთვის მინდა  ვუთხრა მადლობა, რადგან ეს ყველას გამარჯვებაა! მინდა მადლობა ვუთხრა სამართალდამცველებს, რომლებმაც საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოება უზრუნველყვეს და ყველა საჭირო შემთხვევაში მოახდინეს მყისიერი რეაგირება, რამაც დაიცვა ჩვენი მოქალაქეების არჩევანის თავისუფლება. მადლობას ვუხდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობისთვის.

ჩვენთვის, და პირადად ჩემთვის, ძალიან საამაყოა მათ მიერ საარჩევნო გარემოსა და პროცესების პოზიტიური შეფასება. ჩვენ შევძელით, არჩევნების ახალი საარჩევო სისტემის მიხედვით ჩატარება, რომელიც  მეტწილად პროპორციული გახდა. ეს დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და 16:00 საათზე, მხარდამჭერებთან ერთად, პარლამენტთან იკრიბებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი