პანიკა სავალუტო ბაზარზე ლარის კურსზე მომენტალურად აისახა. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის შესაძენად უკვე სამი ლარია საჭირო. ბოლო 72 საათში ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა ეკონომისტები ამბობენ, რომ კორონა ვირუსის გავრცელებისთანავე ასეთი შედეგი პროგნოზირებადი იყო, თუმცა ხელისუფლება რისკებს მოუმზადებელი შეხვდა.
კორონავირუსმა ბიზნესი გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა. თბილისში, ტურისტული ცენტრები, სადაც წინა წლებში უცხოელ სტუმრებს გვერდს ვერ აუვლიდი დღეს თითქმის ცარიელია. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ გაუქმდა ჯავშნები სასტუმროებში. შედეგად სასტუმროების ნაწილი იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა და თანამშრომლები ორკვირიან უხელფასო შვებულებაში გაუშვა, თუმცა როდის დაბრუნდებიან სამუშაო ადგილებზე არავინ იცის.
დახურვის ზღვარზე არიან სასტუმროები, რომლებიც აქამდე სრული დატვირთვით მუშაობდნენ, თუმცა ახლა კომუნალური გადასახადების გადახდაც კი ვეღარ ახერხებენ. დაცარიელებული სასტუმროების ხელმძღვანელები ხსნას ახლა ხელისუფლებაში ხედავენ და ამბობენ, რომ ერთადერთი შანსი, რომ დახურვას გადაურჩნენ ისაა, რომ მთავრობამ საბანკო სექტორთან უშუამდგომლოს და გადასახადები გადაუვადოს.
ანალოგიური ვითარებაა რეგიონებშიც. სასტუმროები და ტურისტული ზონები დაცარიელებულია, ტურისტები ვიზიტებს მასობრივად აუქმებენ, ამიტომ ადგილობრივი ბიზნესი თავის შენახვასაც ვეღარ ახერხებს.
სასტუმრო ბიზნესის შემდეგ დარტყმის ქვეშ სარესტორნო ბიზნესი დგება. საკვები ობიექტები, რომლებიც ძირითადად უცხოელ ტურისტებზე არიან ორიენტირებულები ამბობენ, ტურისტებისგან მიღებულ დანაკლისს ადგილობრივი მომხმარებელი ვერ შეავსებს, ამიტომ შიშობენ, რომ თუ ვითარება არ გაუმჯობესდა კრიზისის წინაშე აღმოჩნდებიან.
ტურისტების ნაკლებობა უარყოფითად აისახა კომპანიებზე, რომლებიც ტურისტების ბინებით უზრუნველყოფით არიან დაკავებულები. ბოლო დღეების განმავლობაში კლიენტების ნახევარი დაკარგეს და დახურვის საფრთხის წინაშე დადგნენ.
კერძო სექტორის პრობლემებზე დეტალური ინფორმაცია აქვს ეკონომიკის მინისტრს. ნათია თურნავა სასტუმროების მმართველებს პირადად შეხვდა და დახმარებას დაპირდა, თუმცა ამ დრომდე მთავრობას არც ანტიკრიზისული გეგმა წარუდგენია და არც მორიგი შეხვედრა ჩანიშნულა. ცნობილია, მხოლოდ ის რომ სამინისტრომ ბანკებთან კონსულტაციები გამართა, თუმცა შედგა თუ არა შეთანხმება უცნობია.