ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც სხდომაზე არ განიხილეს ოპოზიციის არცერთი საჩივარი. სამოქალაქო აქტივისტებმა კი შეძახილით "მონებო!" შენობის წინ, სიმბოლურად, კარტოფილი დაყარეს.
ცოტა ხნის წინ აქციაზე შეუძლოდ გახდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
81-ივე უბანზე დაკარგულია ბიულეტენები და არცერთ საჩივარს არ იხილავენ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მძღოლი, რომელმაც ჩვენს წარმომადგენელს წიხლი ჩაარტყა მუცელში, ეს არის გაყალბების კანტორა და აქ ხდება სისხლის სამართლის დანაშაული, - აცხადებს ენმ-ს ერთერთი ლიდერი და მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყენას პოლიციაც არ ჰყავს:
ძალიან კარგად იციან, რომ მოძალადე არის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მძღოლი, ყველამ დაინახა, როგორ გადაიყვანეს 18 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების მანქანით, რომელსაც მან წიხლი ჩაარტყა, მაგრამ ის მოძალადე შენობაში იმყოფება და პოლიცია არ აკავებს, ანუ ამ ქვეყანაში პოლიციაც არ გვყავს, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, არჩევნები საქარათველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, ცესკომ არჩევნების შედეგები გააყალბა. ოპოზიციურმა პარტიებმა სრული შემადგენლობით უარი თქვეს მოპოვებულ მანდატებზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.