დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში დაწყებული მასობრივი პროტესტის ფონზე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საშუალებით ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, მშვიდობიანად წავიდნენ და ქვეყანაც აარიდონ მოვლენათა არასასურველ განვითარებას.
წადით მშვიდობიანად, არაფერი ყრია ამ ხელისუფლებაში ასეთი! წადით და თქვენი თავიც გადაირჩინეთ და ქვეყანაც აარიდეთ მოვლენათა არასასურველ განვითარებას! წადით, იმიტომ რომ დღესავითაა უკვე ნათელი, რომ ხალხი არ დათმობს ძალადობით წართმეულს, ის ხალხი, ვინც ხელისუფლების ერთადერთი წყაროა! წადით და დაგვეხსენით, ბატონო ივანიშვილო, El general en su laberinto, - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, ცესკომ არჩევნების შედეგები გააყალბა. ოპოზიციურმა პარტიებმა სრული შემადგენლობით უარი თქვეს მოპოვებულ მანდატებზე, 8 ნოემბერს თბილისში გრანდიოზული საპროტესტო აქციაა დაანონსებული, ხოლო მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებზე, თითქმის ყველგან განუხილველად დატოვეს ოპოზიციის წარმომადგენელთა საჩივრები, დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. აქციები ამ დრომდე გრძელდება.