ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა, რომლებიც, ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლების დავალებას ასრულებენ, განუხილველად დატოვა ოპოზიციის მიერ შეტანილი 21-ვე საჩივარი, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ოპოზიციამ სათანადო და საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.
აღმოჩენილია ასობით დარღვევა ჩვენი წარმომადგენლების მიერ, საოლქო კომისიას მივმართეთ, რომ ხელახლა გადათვლა მომხდარიყო უბნების, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეწს - განუხილველი დატოვეს 21 საჩივარი. ამის შემდეგ ერთადერთი გზა რჩება, რომ მივმართოთ სასამართლოს, მაგრამ არც იმის გვჯერა, რომ სასამართლო ზეწოლისგან თავისუფალია, როგორც მიითაცა არჩევნები, ისე მიიტაცა სასამართლოც ბიძინა ივანიშვილმა, - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ.
აღსანიშნავია, რომ შენობაში პოლიციამ არათუ აქციის მონაწილე მოქალაქეები, მოქმედი დეპუტატებიც არ შეუშვა - ირმა ნადირაშვილს დაჰპირდნენ, რომ სიტუაციას გაარკვევდნენ, თუმცა, შემდეგ პასუხი არ უცნობებიათ.
ისნის ოლქი ერთადერთი არაა, სადაც დაპირისპირება სწორედ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი საჩივრების განუხილველობამ გამოიწვია.
სამგორის საარჩევნო ოლქის 122 უბნიდან 80-ზე მეტ უბანზე შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ დგება, ამას გარდა, გუშინ სამგორის ერთერთ უბანში ოპოზიციის კუთვნილი ბიულეტენები ნაგავში გადაყრილი იპოვეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 80%-ზე მსგავსი სიტუაციაა უბნებზე, ამიტომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომა სამგორშიც დატოვეს.
არანაირი პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში არ მიმდინარეობს, აი, ეს პოლიციელები ჩემგან იცავენ ამ უბანს იმის ნაცვლად, რომ კოლექტიურ ესებუებს დასდევდნენ. თქვენ გგონიათ, ეს ბიჭები მიიჩნევენ, რომ აქ მე შევალ და ვინმეს რამეს დავუშავებ? ასე რომ არ იქნება, ძალიან კარგად იციან, მაგრამ რა ქნან, დავალება აქვთ მიცემული და სწორედ ეს კარგი ბიჭები, თავიანთი ოჯახებით უნდა გავათავისუფლოთ ბიძინა ივანიშვილის მძევლობისგან, განაცხადა სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა.
სამგორის საოლქო საარჩევნო შენობის კიბეებთან აქტივისტებმა კიბეებზე სტიკერებიც დააკრეს.
შეგახსენებთ, გუშინ დაპირისპირება იყო ზუგდიდში, წყალტუბოში, ბათუმში, დღეს კი ქუთაისში, სადაც აქციის მონაწილეებმა მთავარი გამზირი გადაკეტეს. ოპოზიცია არსებული მდგომარეობის გაპროტესტებას 23:00 საათზე ცესკოს შენობასთან აპირებს.