ნიკა გვარამიას სპეცეთერში მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ კიდევ ერთხელ ახსნა, რატომ არის საჭირო და აუცილებელი 8 ნოემბერს,. სამ საათზე რუსთაველზე გასვლა და მოპარული არჩევნების გაპროტესტება.
ჟირინოვსკის ნათქვამი გამახსენდა, საქართველო გუბერნიებად დავაქუცმაცოთო. ჟირინოვსკის "მაყურებელია" პუტინი, ჩვენი "მაყურებელი" ის კაცი, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომელმაც სულში ჩაგვაფურთხა, ამის იქეთ არაფერი არსებობს, ყველაფერი გააფუჭა, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა, ამიტომ ყველა უნდა მივიდეთ, ვისაც მოძრაობა შეგვიძლია, თორემ ის დროც მოვა, ავტომატიანი რუსები მოვლენ, ბიძინას მეგობრები, და მერე გვიან იქნება, - ამბობს ბუბა კიკაბიძე.
შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა, ცესკომ არარეალური შედეგები გამოაქვეყნა, რასაც არჩევნებიდან რამდენიმე საათში პროტესტი მოჰყვა.
გასაჯაროვდა ასეულობით შემაჯამებელი ოქმი, სადაც ელემენტარული ბალანსი არ ჯდება, ცესკოს კი მონაცემები სწორედ ამ ოქმების მიხედვით აქვს შედგენილი.
საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ასევე საოლქო კომისიების გადაწყვეტილებებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, სადაც ოპოზიციის მიერ შედგენილი საჩივრების 90% განუხილველი დარჩა. თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, წყალტუბოში, ბათუმში ხალხი საოლქო კომისიების შენობებთან მივიდა. იყო პოლიციასთან დაპირისპირების ფაქტებიც,
სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატები დააკავეს, რისი უფლებაც არ ჰქონდათ ცესკოს ნებართვის გარეშე. ამჟამად დაკავებულთა უმრავლესობა გათავისუფლებულია.
ოპოზიცია მასობრივ გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაყალბების დამადასტურებელ ფაქტობრივ მტკიცებულებებს აწვდის. ეუთო/ოდირის, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით, უმეტესწილად, კრიტიკული იყო.
ოპოზიციამ 8 ნოემბერს, კვირას, რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული აქცია დაანონსა და აცხადებს, რომ გაბრაზებული ხალხისგან ხელისუფლება პასუხს სწორედ 8 ნოემბერს მიიღებს.