ასეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორიც ახლაა, საქართველო 90-იან წლებშიც კი არ იყო, ამიტომ რუსთაველზე უნდა მივიდეთ - ეს განცხადება "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვრამიას "მთავარი აქცენტების" სპეცგამოშვებაში ისტორიკოსმა, მკვლევარმა იულონ გაგოშიძემ გააკეთა.
1956 წლიდან მოყოლებული, არცერთ ასეთ შეკრებას არ გამოვკლებივარ, ამიტომ ვეცდები, ხვალაც მივიდე, თუ შევძელი მისვლა, უნდა მივიდეთ ამ შეკრებაზე და უნდა გამოვხატოთ ჩვენი ნება, რადგან საკითხი დგას ასე: ან დავრჩებით, როგორც ქვეყანა, ან მოვისპობით. - თქვა იულონ გაგოშიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა, ცესკომ არარეალური შედეგები გამოაქვეყნა, რასაც არჩევნებიდან რამდენიმე საათში პროტესტი მოჰყვა.
ოპოზიცია მასობრივ გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაყალბების დამადასტურებელ ფაქტობრივ მტკიცებულებებს აწვდის.
ეუთო/ოდირის, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით, უმეტესწილად, კრიტიკული იყო.
ოპოზიციამ 8 ნოემბერს, კვირას, რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული აქცია დაანონსა და აცხადებს, რომ გაბრაზებული ხალხისგან ხელისუფლება პასუხს სწორედ 8 ნოემბერს მიიღებს.