ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა აქციაზე ოპოზიციის გეგმის ერთ დეტალს აკონკრეტებს და ცესკოსთან პიკეტის დაწყების გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.
უნდა გადავაყენოთ ჟვანია და მისი გუნდი, გამყალბებლები, რადგან მათთან ერთად არ არსებობს თავისუფლება, ჩვენ ვიქნებით ცესკოსთან, დავბანაკდებით და ვიქნებით იქ, სანამ არ გადადგება ჟვანია. ვიქნებით მტკიცენი, მშვიდნი მანამ, სანამ ის ქაჯეთის ციხე, სიმბოლურად, აგურ-აგურ არ დაიშლება. ვნახავთ, როგორ შევლენ ამ გამოვლენ იმ შენობიდან და თუ შევლენ, მოუწევთ ცოცხალ ადამიანებზე გადაბიჯება, რაც შეეხება მეორე ტურებს, ვნახავთ, როგორ ჩაატარებენ მეორე ტურს, როცა ხალხი გამოვა ქუჩაში და იტყვის "არა!", და კიდევ, რაც შეეხება იმ 90 ვაჟკაცს, ქართული ოცნების პატივცემულ გვამებს, ვნახავთ, როგორ შევლენ პარლამენტში, ამიტომ წინ!- განაცხადა აქციაზე გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა 20:00 საათზე ამოიწურა, თუმცა, ერთადერთი, ვინც "ქართული ოცნებიდან" ულტიმატუმს შეეხმიანა, გიორგი კახიანი იყო და მან გაერთიანებული ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებს: ხელახალი არჩევნები, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება "აბსურდული" უწოდა.
ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი გეგმა შეკრებილებს ნიკა მელიამ გააცნო.