ისტორიული მატჩი, რომელსაც ქართული ფეხბურთი, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 30 წელი ელოდა, მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს.
საქართველოს ხელისუფლებამ უეფა–სგან მაყურებლის დისტანციით მოედანზე დაშვების უფლება, არ გამოიყენა.
უეფა–ს დაშვებით საფეხბურთო მატჩზე, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სტადიონზე 17,000 მოქალაქის დაშვება შეიძლებოდა, რაც სტადიონის ტევადობის 30 %–ია.
უეფამ სახელმწიფოს გულშემატკივრების მატჩზე დასწრების ნებართვა მისცა იმ პირობით, თუ კორონავირუსის პანდემიის პროტოკოლს და გათვალისწინებულ დისტანციას დაიცავდა – მაყურებლებს სამ- სამი სკამის გამოყენებით დასვამდა. თუმცა, საქართველოს სახელმწიფომ ეს უფლება არ გამოიყენა, შედეგად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საკუთარ მოედანზე მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ.
"სამწუხაროა, რომ 30 წლის განმავლობაში ასეთი მნიშნველოვანი თამაში არ გვქონია და გულშემატკივრების გარეშე მოუწევთ ბიჭებს თამაში, რადგან ძალიან დაეხმარებოდათ გულშემატკივრობი." – ამბობს თემურ ქეცბაია, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ამბობს, რომ მატჩზე 30%–ის დაშვება ნაკლები რისკის მქონდე იქნებოდა, ვიდრე ქაოსურად შეჯგუფებული ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც სტადიონის გარეთ იკრიბებიან.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 22:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მოქმედებს, ამ წუთებში დინამო არენასთან უამრავი გულშემატკივარი დგას.
გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მატჩის მნიშნველოვან დღეს მათ არ დააჯარიმებენ. ისინი, საყვარელი ფეხბურთელების გასამხნევებლად სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე 2 საათით ადრე შეიკრიბენ.
ცნობისთვის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგალითად მეტროში, მოქალაქეებს შორის დისტანცია დაცული არ არის.