"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ფიქრობს, რომ ივანიშვილი თავსაც იზიანებს და საზოგადოებასაც, როცა მათ დღის წესრიგს უგეგმავს.
"მე ვიცი, რომ მოქალაქეების ნაწილის აზრით, აქციაზე სიარულით არაფერი შეიცვლება. თუმცა მათ შევახსენებ 20 ივნისს, რომლის დროსაც ხელისუფლება ამბობდა - წერტილი, მორჩა, არაფერი იქნება - პროტესტი მაშინ შედეგიანი აღმოჩნდა. ივანიშვილი იმ შეგნებამდე უნდა მივიყვანოთ, რომ მიხვდეს - თავსაც დაიღუპავს და ქვეყანასაც დააზიანებს, რაც უფრო დიდხანს გაწელავს თამაშს და ხალხს თავს მოახვევს დამამცირებელ წესს, რომლითაც ეუბნება, რომ თავად დაუგეგმავს მომავალს", - ამბობს ბოკერია.
შეგახსენებთ - 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ რუსთაველზე ხალხი პირველად 8 ნოემბერს შეიკრიბა, აქციები გაიმართა ცესკოსთანაც. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ. 13 ნოემბერს, ხმაურით ჩატარებული სხდომის ფონზე, ცესკომ პროპორციული არჩევნების შედეგები შეაჯამა მათ შორის იმ ოქმების საფუძველზეც, რომელთაც ოპოზიცია არამარტო აპროტესტებდა, სასამართლოშიც ჰქონდა გასაჩივრებული.
ამის მიუხედავად, ცესკომ მეორე ტური 21 ნოემბერს დანიშნა, თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ოპოზიცია და გაბრაზებული მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ დღეს, 14 ნოემბერსაც შეიკრიბნენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, 15:00 საათზე დაწყებული საპროტესტო აქცია დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა და ჰიმნის ფონზევე დასრულდა.
არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის პარალელურად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის ფასილიტატორობით მიმდინარეობს, უკვე გაიმართა ორი შეხვედრა, თუმცა, კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს, 14 ნოემბერს განაცხადა, რომ მმართველი პარტია არ განიხილავს "ხელახალ არჩევნებს ან რაიმე მსგავსს", ხოლო ოპოზიციასთან დაკავშირებით თქვა, რომ მათი მიზანი მხოლოდ დესტრუქციაა.
ოპოზიცია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს მდუმარე აქციას გეგმავს, ხოლო 21 ნოემბერს, მეორე ტურის დღეს, ოპოზიცია და მოქალაქეები ცოცხალი ჯაჭვით აპირებენ არჩევნების გაყალბების გაპროტესტებას.