თელავში დაპირებული 40 ავტობუსიდან 5 წინასაარჩევნოდ შეიყვანეს, თუმცა ისინი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს

გამოქვეყნდა:

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის შეყვანას მოსახლეობა ორი წელია ითხოვს, თუმცა ისინი შესაბამისი მომსახურებით ამ დრომდე ვერ სარგებლობენ. 

ადგილზე ავტობუსები მხოლოდ წინასაარჩევნოდ შეიყვანეს და ადგილობრივებს დაპირდნენ, რომ თელავისა და სოფლების მიმართულებით გადაადგილების პრობლემა მოიხსნებოდა, თუმცა ამ დრომდე არ მოწესრიგდა საპარკინგე ინფრასტრუქტურა და არც მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის აზრით, ავტობუსების შეყვანა წინასაარჩევნო ნაბიჯი იყო. 

"დაპირებული 40 ავტობუსიდან ჩამოიყვანეს 5 წინასაარჩევნოდ, რაც, ცხადია, მასებზე ზემოქმედების მექანიზმია. ვერ გათვალეს, რომ ავტობუსებს დასჭირდებოდა გაჩერებები, ხაზები, ინფრასტრუქტურა. ისინი მოუმზადებლები არიან", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ნინო გოგოლაშვილი. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, ავტობუსებში ასეულობით ათასი ლარი დაიხარჯა. 

"ავტობუსების გასაჩერებელი დეპოც კი არ არსებობს, არც მძღოლები ჰყავთ. გეგმის მიხედვით, ყველაფერი სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო", - ამბობს ბოტკოველი. 

თელავის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი, დავით ქსოვრელიშვილი, კი ამბობს, რომ ავტობუსები ფუნქციონირებას მომავალი წლის დასაწყისში დაწიყებს. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი