ქვეყანა პანდემიის, მძიმე ეკონომიკური კრიზისის, გაზრდილი ფასებისა და ინფლაციის გარდა, კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დგება - 2021 წლიდან ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს.
ხელისუფლებამ უნდა შეძლოს იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს შორის ისე გაზარდოს კილოვატ საათზე ღირებულება, რომ მოქალაქეებს ეს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად არ ექცეს.
თუ ფასი არ გაიზარდა, მაშინ კომპანიები ელექტროენერგიის ყიდვას შემდგომი რეალიზებისთვის ვეღარ შეძლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გადახდისუნარიანსაც და უუნაროსაც მალე უშუქობა ელის.
რა მოხდება ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში მარტივი სავარაუდოა - გაძვირდება ყველა პირველადი დანიშნულების პროდუქტი პურით დაწყებული და ეს იმ პირობებში, როცა ქვეყანაში სტაბილური არც პოლიტიკური პროცესია, არც ეკონომიკური და ლარიც ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს ხსნის.
რაში ხედავს ხელისუფლება გამოსავალს უცნობია. ამ დრომდე მოქალაქეებმა მხოლოდ ის იციან რომ "ქართული ოცნება" კომუნალურ გადასახადებს კოვიდკრიზისის გამო სამი თვე ასუბსიდირებს, თუმცა ვერც სუბსიდირება იქნება მუდმივი, რადგან ამას ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს და ვერც ხელისუფლებამ იპოვა ამ დრომდე ადეკვატური გზა პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო არ გააღრმავოს.
დეკემბრის ბოლოს სემეკში სხდომაა ჩანიშნული, სადაც ელექტროენერგიის ტარიფი მომდევნო სამი წლით უნდა განისაზღვროს. სემეკმა დღის ბოლოს განცხადება გაავრცელ, რომლის მიხედვითაც ამ დრომდე ენერგოკომპანიებს მარეგულირებლისთვის ფასის ზრდის მოთხოვნით არ მიუმართავს. ანალიტიკოსების და ენერგეტიკოსების შეფასებით კი თუ სემეკი ფასს არ გაზრდის ქვეყნის უშუქოდ დარჩენა გარდაუვალი გახდება და ამას მხოლოდ თვეები დასჭირდება.