"მითების დეტექტორმა" გამოავლინა ხელისუფლების მხარდამჭერი ტროლების ორი კატეგორია: ისინი, ვინც სხვა ადამიანების იდენტობას იპარავენ (16 ტროლი) და ტროლები, რომლებიც იდენტობას მალავენ (25 ტროლი).
"41 ტროლის ხმა საარჩევნო პროტესტის დისკრედიტაციისთვის" - ასე ჰქვია სტატიას, სადაც სწორედ ეს პირები არიან მხილებული. საქმე ის გახლავთ, რომ 9 ნეომბერს, ცესკოსთან გამართული საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გააქტიურდნენ ხელისუფლების მხარდამჭერები, ტროლები, რომლებიც აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას ცდილობდნენ.
"მითების დეტექტორის" მიხედვით, გამოიკვეთა ორი ტიპის სახელისუფლებო ტროლი: ერთი ნაწილი აქციის მონაწილეებისა და პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობდა, მათ შორის პროტესტის მონაწილეებს ახალი კორონა ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებდა;
მეორე ნაწილი კი მთავრობის მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებდა, საპროტესტო გამოსვლის ძალადობრივი მეთოდებით დაშლას ამართლებდა და პანდემიის დროს შეკრებასა და ვირუსის გავრცელების საფრთხეებზე აპელირებდა.
გახსოვთ, ალბათ, არჩევნებთან დაკავშირებით შარშან "ფეისბუქმა" გააუქმა ისეთი გვერდები, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირებულად მიიჩნია, ამჯერად კი ჩვენ გამოვავლინეთ ყალბი ექაუნთები, იმ ანგარიშების მფლობელები, რომლებიც სხვის იდენტობას იპარავენ ან თავიანთ იდენტობას მალავენ, - ამბობს თამარ კინწურაშვილი, "მითების დეტექტორის" დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ 41-დან 9 ტროლი ოპოზიციისა და აქციის მადისკრედიტირებელ პოსტებს საკუთარ გვერდზე ან საჯარო ჯგუფში აზიარებდა, ხოლო 22 ტროლს სამთავრობო გვერდები და სახელისფლებო საინფორმაციო სააგენტოები ჰქონდა მოწონებული.
ავტორი: საბა ბუაძე