2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
"დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა ჩვენი სპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი", - ვკითხულობთ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ქვეყანა ოლიმპიურ ფესტივალს მომზადებული შეხვდეს, საჭიროა ზამთრის სპორტისათვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა და ქართველი ახალგაზრდების სპორტული მომზადება.