შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეაჩერებინა.
"შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე.წ. "რეფორმერი ფიტნესი" აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა.
ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ქ. ბათუმში რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი".
გარდა ამისა, შრომის ინსპექციის მიერ ქ. თბილისში ღამის კლუბების შემოწმებაც განხორციელდა. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს ,,და ჰაუს რეკორდს” აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა", - წერია შრომის ინსპექციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დაჯარიმებული "რეფორმერი ფიტნესი" გუშინ ამოქმედებული შეზღუდვების მიუხედავად მუშაობას არ წყვეტს. დღეს კი "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ფიტნესკლუბი ბინად იქირავა.
ცნობისთვის, 28 ნოემბრიდან - მეორე "ლოქდაუნის" პირობებში - საქართველოში ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები ისევ დაიხურა.