მაღაზიათა ქსელის "სუფთა სახლის" მომხმარებელი, " ერთ–ერთი ფილიალიდან, ფეისბუქზე ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, მაღაზიაში, საახალწლო სათამაშოებზე გაკრული წარწერა – "არ იყიდება ეს პროდუქცია 24.12.2020 დეკემბრამდე"
უცნობია, შეეზღუდათ თუ არა სხვა მაღაზიებს ან ქსელებს, რომელიმე სახის პროდუქციის გაყიდვა.
"მთავარი არხი" ესაუბრა სუფთა სახლის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელს, ანი ნადირაშვილს, რომელიც ამბობს, რომ კომპანიაც გარკვევის პროცესშია, რატომ უკრძალავენ ღია, მომქმედ მაღაზიას მხოლოდ 1 სახეობის პროდუქციის გაყიდვას.
"ეს არის საკითხი, რომელზეც პასუხი ჯერ არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენც გარკვევის პროცესში ვართ...
საახალწლო პროდუქტზე, ჭურჭელზე და ტრიკოტაჟზე, ვარკვევთ, რამდენად შეგვიძლია გავყიდოთ. მაკონტროლებელი ორგანოდან გვქონდა რეკომენდაცია, რომ ესენი გაგვეყიდა დისტანციურად და ამ ეტაპზე ვართ გარკვევის პროცესში. რადგან გვქონდა რეკომენდაცია, დღეს ეს პროდუქტი არ იყიდება, მაგრამ ხვალიდან შეიძლება გაიყიდოს. დაჯარიმებაზე ან რაიმე მსგვსს არ ველოდებით, იმიტომ რომ ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას რაც არის გაცემული.
ვარკვევთ და ველოდებით, როგორც გვეუბნება მაკონტროლებელი ორგანო, ისე ვიქცევით." – ამბობს, "სუფთა სახლის" მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი, ანი ნადირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
შეზღუდვები არ ეხება, სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს, აპრილში, "სუფთა სახლის" ყველა ფილიალი დროებით დაიხურა, რადგან მაღაზიათა ქსელი, ვერ მოხვდა ბიზნეს–კომპანიების იმ სიაში, რომელთაც 31 მარტს, საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, მუშაობის უფლება უნარჩუნდებოდათ.