დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე, მეყვავილეების აქციას გამოეხმაურა და შეახსენა, რომ მათ შეუძლიათ დისტანციურად განაგრძონ საქმიანობა.
"საცალო-საბითუმო ვაჭრობა, როგორც იცით, მთავრობის დადგენილებით იქნა შეზღუდული, თუმცა მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს შეზღუდვაა და არა აკრძალვა. შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ და განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, ზოგადად, მობილობის შესამცირებლად, მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით - თქვენ ადევნებთ ალბათ თვალს - არის შეზღუდული", - თქვა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა გზა გადაკეტეს და მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. როგორც მეყვავილეები ამბობენ, ისინი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ხელისუფლებისგან ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.
ბექა ფერაძის კომენტარს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე, გამოეხმაურა.
"ხელისუფლების პასუხი გარე მოვაჭრეებს - ონლაინ ივაჭრეთო.. ყვავილების გამყიდვლები (მარტო რომ სხედან მთელი დღე პატრა ჯიხურში), მწვანილის და ბანანის გამყიდვლებმა, პურის და შაქრის ფულს ვინც გამოიმუშავებს - ვიღაც ახალი ადიუტანტის გთქმით, ონლაინ გვერდები უნდა შექმნან და გადარჩნენ.. ბოროტებაა ეს.. სიძულვილი საკუთარი ხალხის მიმართ..", - წერს დეკანოიძე.