პანდემიის პირველი ტალღის დროს გაღარიბებულმა ადამიანებმა ახლა ყველაზე უკეთ იციან, რა დაუჯდება ქვეყანას კიდევ ერთხელ გაჩერებული ეკონომიკა. პროდუქტზე ფასები სულ უფრო და უფრო იზრდება, ხალხი კი გაძვირებული პროდუქტის შეძენას ვერ ახერხებს. თუ აქამდე საკვების შედარებით იაფად შესაძენად აგრარულ ბაზარს ამჯობინებდა, ტრანსპორტის შეზღუდვის გამო მოსახლეობის უმრავლესობა ბაზრამდე მისვლა უჭირს.
თბილისის ბაზრები თითქმის ცარიელია, მოვაჭრეები ამბობენ რომ ფასის მომატების და ტრანსპორტის აკრძალვის გამო მყიდველი ბაზარში ვეღარ მიდის. ტრანსპორტის შეზღუდვა შეეხოთ თავად მოვაჭრეებსაც, ზოგიერთს მძიმე ტვირთის ტარება ფეხით უწევს, ზოგი კი ისედაც მცირე შემოსავლის ნახევარს ტაქსში იხდის.
შეზღუდვების გამოცხადებას კი ლარის გაუფასურება დაერთო. ექსპერტების პროგნოზი არც ისე საიმედოა, ამბობენ , რომ ლოქდაუნის პირობებში ეროვნული ვალუტა ინფლაციას გააგრძელებს, რაც პირველადი სამომხმარებლო პროდუქტის ფასებზეც აისახება და უკვე გაძვირებული პროდუქტის ფასი კიდევ უფრო აიწევს.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ გაძვირდება ბუნებრივი აირის ტარიფიც. 2021 წლიდან კომერციულ კომპანიებს ბუნებრივი აირის გადასახადი 24 თეთრით გაეზრდებათ. ექსპერტები განმარტავენ რომ ტარიფის ცვლილება მომხმარებლებს არ ეხება, თუმცა ეს მოსახლეობისთვის შვება არ არის. გაძვირებული ბუნებრივი აირის გამო კომპანიებს მოუწვეთ პროდუქტის ფასებიც გააძვირონ - ეს კი პირდაპირ იმოქმედებს მოსახლეობის ჯიბეზე.
ოპოზიციაში შექმნილ კრიზისზე სრულ პასუხიმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.
როგორ გამოვა ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან არავინ იცის, როგორც ჩანს ხელისუფლებას გამოსავალი ჯერ მოფიქრებულიც არ აქვს. ლოქდაუნის პირობებში სამუშაოს გარეშე დარჩენილი და გაღატაკებული მოსახლეობის მთავარი საზრუნავი ყოველდღიურად გადარჩენისთვის ბრძოლაა.