
"ICR ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ პირველი ლოქდაუნის შემდეგ რეალიზაციის 40%-იანი კლება ჰქონდათ, მაგრამ ამის მიუხედავად, ობიექტებისა და პერსონალის 90% შეინარჩუნეს.
28 ნოემბრის შემდეგ ჩვენს ექვს მოლში და ასევე სხვა ობიექტებზე დასაქმებული 25.000 ადამიანი იძულებული გახდა, სახლში დარჩენილიყო, საერთო ჯამში კი ლაპარაკია 60.000 თანამშრომელზე. ეს არ არის მხოლოდ დეკემბრის პრობლემა, იანვარი და თებერვალიც ასევე რთული იქნება, - ამბობს კახა ხაზარაძე "დღის სტუმარში".
მისივე თქმით, ICR ჯგუფი 2021 წელს ბრუნვასა და ხარჯებში ვერ იგეგმებიან, აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რას ემყარება ეკონომიკის მინისტრის ოპტიმიზმი, რომ სამი თვის შემდეგ ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც ახლა არ მუშაობს, აღდგება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრუნვა და ხარჯი, ჩვენი ბიზნესის სპეციფიკაა, რომ წინასწარ ვიგეგმებით შესყიდვებთან დაკავშირებით. 2021 წელს ვერ ვიგეგმებით, დამატებითი კაპიტალი გვჭირდება, ბანკებთან ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ პრობლემაა, რომ ვერ ვიგეგმებით, აქედან გამომდინარე, სამი თვის შემდეგ ყველაფერი ისევ ისე როგორ იქნება, გაუგებარია, ფაქტობრივად, მოგვიწევს განვსაზღვროთ, რამდენი პროცენტით შევამცირებთ ბიზნესს, - ამბობს კახა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები მოქმედებს.
შეზღუდვების მიხედვით, გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა და მიტანის სერვისზე გადავიდა ყველა რესტორანი და კვების ობიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებს.
მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.