ერთი, ორი ან სამი მონაწილის პოზიციის ცვლილება რეჟიმის იზოლაციის სურათს ვერ შეცვლის - გიგა ბოკერია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია "მთავარ არხთან", გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ იმედი აქვს, პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მიღწეული ერთობა შენარჩუნებული იქნება.

თუ რომელიმე ლეგიტიმური მოთამაშე ვინმე შეიცვლის ამ პოზიციას, ცხადია, ეს იქნება ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ პირველ რიგში, ეს იქნება ცუდი თავად მისთვის, ვინც შეიცვლის, ამიტომ ის შედარება, რომ ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა, ავთენტური მგონია ამ შემთხვევაში. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ეს პოლიტიკური თვითმკვლელობა არ გვაწყობს, რადგან მნიშვნელოვანია ივანიშვილის რეჟიმის სრული იზოლაცია.

მისი თქმით, რამდენიმე პოლიტიკოსის გატეხვა არ არის საკმარისი იზოლაციის სურათის შესაცვლელად.

ერთი, ორი ან სამი პოლტიკური მონაწილის შესვლა იზოლაციის საერთო სურათს ვერ შეცვლის. ამის შეცვლას სჭირდება სერიოზული პოლიტიკური მონაწილეების ნების გატეხვა, ამის შანსს, მართალი გითხრათ, მე ვერ ვხდევ.

ცნობილი ისტორიული მაგალითია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გამორჩეულ მოსამართლეს ჰკითხეს პორნოგრაფიის სამართლებრივი დეფინიცია, თუ რა იყო პორნოგრაფია. მისი ცნობილი პასუხია - "მაჩვენეთ და გეტყვით". ასე რომ, რაც ჯერ არ მომხდარა, იმაზე ლაპარაკი არ მინდა და იმედია, არც მოხდება. დღევანდელი რეალობა ასეთია, რომ თუ რომელიმე სისტემური მოთამაშე არ შეიცვლის პოზიციას და დღეს არ ჩანს არანაირი ნიშანი, რომ პოზიციის შეცვლა მოხდება, ივანიშვილის რეჟიმი ტყუილად წვალობს. 

გიგა ბოკერიამ, ასევე, აღნიშნა, რომ უფრო ადრე უნდა გამოხატულიყო მათი მხრიდან უფრო მკაფიო პოზიცია, მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი