სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის 20 წელი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იუბილარია

გამოქვეყნდა:

დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იუბილარია. ზუსტად 20 წლის წინ, თბილისში, "საეთაშორისო გამჭვირვალობის" გლობალური ქსელის ადგილობრივი წარმომადგენლობა დაფუძნდა. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" დღეს უკვე ათობით დასაქმებულსა და 150-მდე მოხალისეს აერთიანებს, რომლებიც ადამიანების უფლებების დაცვისთვის უკვე წლებია იბრძვიან.

ორგანიზაციის თანამშრომლებმა გამოიძიეს უამრავი კორუფციული ფაქტი და უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანები სამუშაო ადგილებზე აღადგინეს, დაეხმარნენ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაშიც.

„საერთაშორისო გამჭირვალობა“ ჩართულია სასამართლო და საარჩევნო პროცესებშიც. იკვლევს და ასაჯაროებს დარღვევებს და საერთაშორისო პარტნიორებს აწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას.

ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც პანდემიის დროს ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვას აკონტროლებდა. ორგანიზაციის წევრებმა შეისწავლეს და გამოავლინეს კორუფციული სქემა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში ტენდერებს და შესყიდვებს მმართველი გუნდის შემომწირველებს აგებინებდა.

"ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ქვეყანაში ამ ორგანიზაციის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია" - ასეთია ორგანიზაციის პარტნიორების შეფასება.

ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, ოფიციალურ წერილში ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა 2020 წლის არჩევნებში შეტანილი წვლილისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კი, ამბობს, იმის გამო, რომ ორგანიზაცია ხშირად ხელისუფლების ოპონენტია და ყველა კორუფციული სქემისა და დანაშაულის გახსნაში მონაწილეობს, ხშირად ხდება თავდასხმის მსხვერპლი როგორც მთავრობის წევრების, ისე ტროლების მხრიდან.

20 წლის შემდეგაც, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" რჩება დასავლური ღირებულებების მქონე ორგანიზაციად, რომელიც აპირებს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს კორუფციის აღმოფხვრასა და დეპოლიტიზირებული სასამართლოს შექმნაში.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი