გორის ქუჩებში წინასაარჩევნოდ ველობილიკები მოაწყეს, თუმცა ნახაზები, რომლის გაკეთებაშიც ათობით ათასი ლარი დაიხარჯა, უკვე წაშლილია.
გაუფერულებული ველობილიკების პარალელურად, ქალაქში შეჩერებულია ყველა ის ინფრასტრუქტული პროექტი, რომლის განხორციელებაც მერიამ გაყალბებულ არჩევნებამდე დაიწყო.
"რაღაც მოინდომა "ოცნებამ" 8 წლის განმავლობაში და კარგად ხედავთ რა მდგომარეობაშიცაა ველობილიკი, არაფრად ვარგა... ეს არის "ოცნების" სახე და ხალხის უბედურება, რომ ასეთ პირობებში გვიწევს ცხოვრება", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მელაძე.
ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სათანადოდ ვერ მუშაობს და მხოლოდ პარტიული დავალებების შესრულებით არის დაკავებული.
"ხოჯევანიშვილებმა და გორის უთავმოყვარეო მერმა 100 000 ლარი დახარჯეს ველობილიკების მოსაწყობად. ერთ მხარეს გვაქვს ჩვენ ვითომ ინფრასრუქტურული პროექტებისთვის წინასაარჩევნოდ გამოყოფილი თანხები და მეორე მხარეს არიან გორელები, რომლებიც ამით ვერ სარგებლობენ", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ვასილისა ჯობახიძე.
ამ ყველაფრის ფონზე, გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, ოპოზიციის ბრალდებას უარყოფს.