ნიკა გვარამია ამბობს, რომ ის შეგუებულია იმ აზრს, რომ ციხეში ყოფნა მოუწევს, თუმცა, ამბობს, რომ ამის არ ეშინია. ემოციურ მიმართვაში, რომელიც მან "მთავარ აქცენტებში" გააკეთა, მუქარებისა და შანტაჟის შემდეგ, მისი ოჯახის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და გაიხსენა ის ვიდეო, სადაც ნიკა გვარამიას ოჯახს უთვალთვალებენ.
"ბოდიშით თუ ისტერიკა მაქვს, მაგრამ ხდება ხოლმე, ღმერთმა დაგიფაროთ ამისგან, მაგრამ გნახავდით რა დაგემართებოდათ 8 წელი ასეთ ჯოჯოხეთში რომ ცხოვრობდეთ...
მე არ შემიძლია მტირალი სოფოს ყურება, არ შემიძლია როცა ჩემი უფროსი შვილი რომელიც ამერიკაშია, წლების განმავლობაში ვერ ვნახულობ და მისთვის აქ ჩამოსვლა გამორიცხულია იმიტომ, რომ მეშინია, რამე არ მოუწყონ. მე არ შემიძლია, როცა ჩემს საშუალო შვილს, რომელიც, როგორც ხვდება რომ რაღაც ხდება, იწყებს სერჩვას და ნერვიულობაზე ენა ებმება. მე არ შემიძლია, როცა ჩემი უმცროსი გოგო სტრესისგან ვიტილიგოთი დაავადდა... და მაქვს ისტერიკა და თუ მაქვს, ბოდიშს ვუხდი ყველას", - ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიამ ოჯახზე, ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის ფეისბუქ პოსტის საპასუხოდ ილაპარაკა, სადაც კახიძემ დაწერა, "ზოგადად, ისტერიკას კარგი არაფერი მოაქვს, არასდროს."
დღევანდელ გადაცემაში ნიკა გვარამიამ ბოლო წლებში, ჯონ ტეფტიდან დაწყებული ამ დრომდე, საქართველოში დიპლომატიურ მისიით ჩამოსული აშშ-ს ელჩებზე მათ საქმიანობაზე ვრცლად ისაუბრა. მიმოიხილა მათი და მათი ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებები და რეაქციები თუ ურეაქციობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
ამავე გადაცემაში ნიკა გვარამიამ, წყაროებზე დაყრდნობით თქვა, რომ კელი დეგნანი ითხოვდა, მიხეილ სააკაშვილი არ დაენიშნათ თანამდებობაზე რის გამოც მან საერთაშორისო ზარები განახორციელა.
აშშ-ის საელჩოზე საუბრისას, არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ აშშ-ს საელჩოს მედიასთან ურთიერთობის ატაშემ "მთავარი არხის" დამფუძნებელს "შეიარაღებული ბანდის მეთაური" უწოდა.
აქვე, თავდასხმა ჟურნალისტზე, ქველაძეებზე, ცუცქირიძეზე... - აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ნულოვანი რეაქცია.