მიწა მიტაცებულია, მშენებლობები უკანონოა - კალაძე "თაღლითურ სქემებზე" საუბრობს და მოკვლევას იწყებს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს უკანონო მშენებარე ნაგებობები დაანგრია და არა სახლები.

კალაძის თქმით, იქ მცხოვრებლები არაერთხელ გააფრთხილეს როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, თუმცა მოსახლეობამ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა.

როგორც მერი ამბობს, დატაცებულ მიწებზე, უკანონო მშენებლობის 12 ფაქტი გამოვლინდა და ინსპექციამ დღეს კანონის სრული დაცვით იმოქმედა.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ "გარკვეული პირები", უბიძგებენ. კალაძემ დღეს თავის ეჭვების შესაბამისად, გამოძიების დაწყებაც დააანონსა:

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა...

გვინდა გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო და დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა არ იყო დასრულებული, იყო მშენებარე ნაგებობები და მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ - ამბობს მერი კალაძე

მერიაში გამართულ ბრიფინგზე დღეს "მთავარი არხის" გარდა, ყველა მედიასაშუალება მიიწვიეს.

 შეგახსენებთ, მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში დღეს, 15 დეკემბერს სპეცტექნიკა შეიყვანა და სახლები დაანგრია, უსახლკაროდ დარჩნენ იქ მცხოვრები ადამიანები.

 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი