
საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხოვრება ყოვედღიურად ძვირდება. საკვებ პროდუქტებთან ერთად, ფასები მუდმივად მზარდია საწვავზეც. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყნის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგს მოქალაქეები ყოველდღიურად გრძობენ.
"ფასები იზრდება ისეთ პროდუქტსა და მომსახურებაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება განსაკუთრებულად გაჭირვებულ მოსახლეობას", - ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.
ანალიტიკოსების თქმით, საწვავზე ფასები, საშუალოდ, 7-10 თეთრით გაიზარდა.
"ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ 7-10 თეთრით არის გაძვირებული. ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, ფასები მიმდინარე წელს ერთერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა", - ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი.
მათი თქმით, თუ ხელისუფლებამ სიტუაციის დასასტაბილურებლად ზომები არ მიიღო, ისედაც მძიმე ეკონომიკური ფონისა და პანდემიის პირობებში, ქვეყანას უმძიმესი თვეები ელის.