ხურვალეთში, საუკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ "მთავარს" ვანიშვილის ცოლმა, ვალია ვანიშვილმა, უთხრა.
მისი თქმით, 88 წლის დავით ვანიშვილი გადაადგილებას ვეღარ ახერხებს და საუბარიც უჭირს, ადგილობრივი ექიმების დიაგნოზით, მას ფილტვების ანთება აქვს.
ვალია ვანიშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მათი სახლიდან შვილიშვილი და მისი ორსული ცოლი რუსმა ოკუპანტებმა წაიყვანეს და დააკავეს. ახალგაზრდა წყვილი მოხუცი პაპის და ბებიის დახმარების მიზნით, მავთულხლართებში გახვეულ სახლში 2 კვირის წინ გადავიდნენ.
საოკუპაციო რეჟიმმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ ვანიშვილმა საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. მოქალაქეობა სთხოვა; ვალია ვანიშვილი ფიქრობს, რომ მალხაზი იძულებული გახადეს, ეს გადაწყვეტილება მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიჭერდნენ.
ვალია ვანიშვილის თქმითვე, მათ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები ესაჭიროებათ, ხელისუფლება კი არ ეხმარება.
"მარგველაშვილი რომ იყო პრეზიდენტი, ის გვეხმარებოდა, ადრე ტრაქტორიც გვაჩუქა, რაც სალომე დადგა, იმის მერე არავინ დაგვხმარებია. რუსები თავზე გვადგანან, ყოველ წუთს პატრულირებენ, ვერც ჩემი შვილი ვერ გადმოდის, დაიჭერენ. უკვე რამდენიმე თვეა პენსიაც კი არ აგვიღია, რა გავაკეთოთ არ ვიცით, ისევ თქვენ თუ გვიშველით, იქნებ გააგებინოთ ხალხს ჩვენი გასაჭირი", - ამბობს ვალია ვანიშვილი.
ცნობისთვის, ვალია და მისი მეუღლე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში 2012 წლის შემდეგ აღმოჩნდნენ, მაშინ როდესაც საოკუპაციო რეჟიმმა ხურვალეთი ორად გაყო. მას შემდეგ ოჯახს უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება.