კულტურული მემკვიდრეობის განადგურების პირას მყოფი წყალტუბო. მილიარდერი წყალტუბოელებს დაპირდა, რომ მათ ქალაქს, საკუთარი სახსრებით ააღორძინებდა. საკუთარი ჯიბიდან ფულის დახარჯვა კი, იმ მოტივით ახსნა, რომ ქვეყანას არ ჰქონდა საკმარისი რესურსი, წყალტუბოსთვის სრულმაშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაეტარებინა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 29 ოქტომბერს საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
ბიძინა ივანიშვილის დაპირება კარგად გამოიყურებოდა. მილიარდერს 22 სანატორიუმი და 9 აბანო უნდა გამოესყიდა, გაეკეთებინა და შეღავათიანი პირობებით ინვესტორებზე გაესხვისებინა. აღორძინებულ ქალაქში 15-დან 20 000-მდე ადამიანი დასაქმდებოდა და რეგიონში სიღარიბის პრობლემაც გადაიჭრებოდა. მათ შორის ის ადამიანებიც იქნებოდნენ, ვინც სანატორიუმებში უკიდურეს გაჭირვებაში, დაზიანებულ და დანესტილ შენობებში ცხოვრობენ.
ბიძინა ივანიშვილის ეს დაპირებაც უფასო ფულის, სრულად პროპორციული არჩევნების, მოგუგუნე ქარხნებისა და უამრავი სხვა დაპირების მსგავსად ვერა და ვერ შესრულდა. სამაგიეროდ, ფულის ხარჯვა პროექტის დასაწყებად ბიუჯეტიდან დაიწყო. 2020 წლის 11 დეკემბერს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაცხადა 1 087 842 ლარიანი კონკურსი წყალტუბოს კონცეფციის შესაქმნელად. ჩნდება კითხვა, ეკონომიკური კრიზისის დროს საიდან გაჩნდა ამხელა თანხა ბიუჯეტში და რატომ არ შეასრულა დაპირება ბიძინა ივანიშვილმა?
წყალტუბო, უნიკალური და მრავალმხრივი კურორტია. ქალაქი განსაკუთრებით თერმულრადონული მინერალური წყლის აბაზანებით განთქმულია. გასული საუკუნის 30 წლებიდან წყალტუბოში აშენდა მსხვილი სანატორიუმები, პანსიონები, დასასვენებელი სახლები, სააბაზანო კორპუსები და სხვა ყველაფერთან ერთად უნიკალური საკურორტო პარკი. ახლა შენობები, რომლებიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია, ან მიტოვებული და განადგურებულია, ან ნგრევის პირასაა.
გეგმა, რომლითაც ივანიშვილს წყლატუბოს რეაბილიტაცია უნდა დაეწყო, ავსტრიულმა კომპანიამ „KohL&Partners“-მა 2014 წელს მოამზადა, "წყალტუბოს სპა კურორტის განვითარების ტექნიკური წინადადებაში" სახელმწიფომ მილიობით ლარი გადაიხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია "ბაუ" დიზაინია. კომპანიას დოკუმენტების მიხედვით დაევალა, უკვე შემუშავებული დოკუმენტი გაითვალისწინონ გენგეგმის კონცეფციის შემუშავებისას, ამასთანავე "ბაუ" დიზაინს ავალებენ ჩაატარონ წინა პერიოდის გენგეგმების რევიზია და საინტერესო მიგნებები ასახონ შემუშავებულ კონცეფციაში. მიხეილ ბალიაშვილმა კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
რატომ ვიხდით მილიონზე მეტს კონცეფციაში, მაშინ, როცა უკვე არსებობს ძვირადღირებული გემა და რაშიც თანხა ისევ ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს, გაუგებარია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. თორნიკე ბარათაშვილი ვარაუდობს, რომ საქმე არა წყალტუბოს აღორძინებას, არამედ ფულის კეთებას უკავშირდება.
ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს დაპირება მორიგი ტრიუკი და სიცურუეა დარწმუნებულები არიან წყალტუბოს ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატები. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან კონცეფციისთვის უკვე გამოყოფილია თანხა პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ წყალტუბოს აღორძინება ოცნებისეული ხედვით განწირულია.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან წყალტუბოს მხოლოდ კონცეფციისთვის უკვე გამოყოფილია თანხა და თუ მართლა სურს ოლიგარქს წყალტუბოს აყვავება, მაშინ საბოლოო შედეგისთვის კიდევ მილიონობით ლარს ისევ ბიუჯეტი გაიღებს. ისევ მოსახლეობის ხარჯზე და ისევ შეუსრულებელი დაპირებები - ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ტრიუკებს არ ივიწყებს.