"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. მიზეზად კომპანია იმას ასახელებს, რომ მოქმედი ტარიფი კომპანიის "დრამატულად გაზრდილ ხარჯებს" ვეღარ ანაზღაურებს.
"მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძვნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - თქვა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
როგორც კომპანიაში ამბობენ, თუ ტარიფი არ გაიზარდა, "ენეგო-პრო ჯორჯია" ბაზარზე ოპერირებას ვეღარ გააგრძელებს.
"თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალდო ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომამრაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება“ - თქვა მიხეილ ბოცვაძემ.
კომპანია პასუხისმგებლობას მარეგულირებელ კომისიას აკისრებს.
"ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ, ბოლო კვირეებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!“ - თქვა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.