ცარიელი სტადიონები, უმაყურებლო სპორტი, გადადებული უდიდესი შეჯიბრებები და პირველად ოლიმპიური თამაშებიც - ეს 2020 წლის სავიზიტო ბარათია.
სპორტი ვირთხის წელიწადში ყველაზე მეტად დაზარალდა
წელი კი ყველაზე ხმაურიანი ტრაგედიით დაიწყო. კობი ბრაიანტი ქალიშვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
მაიკლ ჯორდანის შემდეგ ცოტას თუ შეეძლო საკუთარი ეპოქით თავის მოწონება, კობი ერთერთი მათგანია, თუ ერთადერთი არა...
საკალათბურთო ეპოქასთან ერთად, 2020 წელი საფეხბურთო გიჟმაჟი, თავისებური, მაგრამ გენიალური დიეგო მარადონას ეპოქის დასასრულიც იყო.
ალბათ მხოლოდ უდიდესი პერსონების ხვედრია იტიროს ყველამ და ცხედარი პრეზიდენტის სასახლეში დაასვენონ... მის ნამღერს კი მსოფლიო ჰიტის სტატუსი მიენიჭოს.
2020 წელს სიხარულიც იყო, თუმცა გამარჯვებების მასშტაბის მსგავსი არა
"ბაიერნმა" ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო შემდეგ, გერმანიის ყველა ტიტული მოიგო.
NBA ახალ ბაბლის სისტემაზე გადავიდა და ყველა გუნდმა ფინალურ ეტაპზე თავი ერთ ქალაქში მოიყარა. ტრიუმფატორი კი "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" და ლებრონ ჯეიმსი გახდა.
ინგლისში 30 წლიანი ლოდინის შემდეგ ლივერპულის ხანა დადგა. იურგენ კლოპმა სალჰთან და კომპანიასთან ერთად მანჩესტერულ-ლონდონური კლუბების ჰეგემონია დაამხო.
2020 წელს ქართულ სპორტში პირველი და ერთადერთი ხმამაღალი გამარჯვების ავტორი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გახდა, რომელმაც სერბეთში სერბეთის ნაკრები დაამარცხა და სეზონიც 100%-იანი შედეგით, დაუმარცხებლად დაასრულა...
სეზონი ქართული ჩოგბურთისთვის კარგად დაიწყო. საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები მსოფლიო დონის ტურნირზე ეი ტიპის თასზე გავიდა, ამაში კი ლომის წილი ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუძღვის, რომლისთვისაც 2020 წელი ყველაზე უიღბლო იყო, ოჯახური სკანდალმა მის კარიერაზე ყველაზე მეტად აისახა და ახლა ის მე-40 ჩოგანია.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირველად ითამაშა 8 ერის გათამაშებაზე და ყველა თამაში წააგო. რაგბის კავშირმა კი როგორც იქნა აირჩია პრეზიდენტი.
წარმატებული 2020 წელს ძალოსნური სპორტის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა პანდემიამ აქაც თავისი კორექტივები შეიტანა.
ჭიდაობასა და ძიუდოში მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის ჩატარება მოხერხდა. ჭიდაობაში ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა, ძიუდოში კი ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილი.
დაუმარცხებლად ასპარეზობენ ოქტაგონზე ქართველი იუფსის მოჩხუბრები, კაცებიდან ყველას 100%-იანი შედეგი აქვს.
ქალთა გუნდი გურია პირველია ქართულ ფეხბურთში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გააღწია და მე-16-დ ფინალში ითამაშა.
ის, რაც წლის მთავარი სიხარული და გამარჯვების სიმბოლო უნდა გამხდარიყო მთავარ იმედგაცრუებად იქცა- საქართველო ჩრდილო მაკედონიასთან ფინალში დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა.
თუმცა იმ მატჩებმა დაგვანახა, რომ ქართველ გულშემატკივარს საკუთარი პერფორმანსით ევროპის გაკვირვებაც შეუძლიათ. ქომაგების ეს ცეცხლოვანი დახვედრაც 2020 ყველაზე ნთალი მოგონებაა.
ყველაზე წარმატებული ქართველებიდან კი შოთა არველაძე იყო, რომელმაც ტაშკენტის ფახტაქორთან ერთად ყველა ტიტული მოიგო და ახლა გაცილებით ამბიციური გამოწვევისკენ ასე ცეკვა - ცეკვით გაემართა