ახალი წლის დადგომასთან ერთად ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება ისევ დაიწყო. დღეს სავალუტო ტაბლოებზე ლარის მაჩვენებელი რამდენჯერმე შეიცვალა.
ვალუტის გაუფასურებასთან ერთად მოიმატა პროდუქტის ფასებმაც. ყველაზე მეტად ფასი გაიზარდა: ბოსტნეულზე, რძის პროდუქტებზე, ხილზე, ზეთსა და თევზეულზე.
გაძვირებულ ფასებზე საუბრობენ მოვაჭრეებიც, ბაზარი თითქმის ცარიელია. გაზრდილი ფასის და ტრანსპორტის შეზღუდვის გამო აგრარულ ბაზარში თითქმის აღარავინ დადის.
ეროვნული ვალუტის დევალვაციის და სამოხმარებლო კალათის ფასის ზრდამდე მოიმატა გადასახადებმაც.
პირველი იანვრიდან ელექტრო ენერგიის საფასურმა 3 თეთრით, კომერციული მოხმარებისთვის ბუნებრივი არის ტარიფმა 24 თეთრით მოიმატა.
ექსპერტები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მომდევნო თვეებშიც ვარაუდობენ, რაც თავის მხრივ პროდუქციის ფასებზე კიდევ უფრო მეტად იმოქმედებს. ეროვნული ბანკის მცდელობას კი, კურსი რეზერვების გაყიდვით დაასტაბილურონ, უშედეგოდ თვლიან.
ორთვიანი ლოქდაუნის პარალელურად, მთავრობამ 2 კვირიანი უქმე დღეები დააწესა. 15 იანვრამდე არ იმუშავებს არც ერთი საჯარო სექტორი. ანალიტიკოსები თვლიან, რომ უქმე დღეების გამოცხადებამ ყოველდღიური შემოსავალი იმ ადამიანებსაც მოუსპო, ვინც ლოქდაუნის პირობებში თანხის გამომუშავებას ახერხებდნენ.
იქიდან გამომდინარე, რომ უქმე დღეები არ ეხება ბანკების მუშაობას, მათ ვისაც საკრედიტო ვალდებულება აქვთ თანხის გადახდა ამ ორი კვირის განმავლობაშიც მოუწევს.
ოპოზიციაში ეკონომიკურ კრიზისზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და გამოსავალს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებაში, გადასახდების რეფორმაში და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში ხედავენ.
გრძნობს თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო - მთავარის ამ კითხვამ მმართველი პარტიის ლიდერების გაღიზიანება გამოიწვია.
მათ ტრადიციულად პასუხიმგებლობის ისრები წინა ხელისუფლებისკენ მიმართეს. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფასების მატება ინფლაციის გამო გარდაუვალია. თუმცა, როგორ აპირებს მმართველი გუნდი კრიზისიდან გამოსვლას ამაზე არავინ საუბრობს.