ტურიზმი 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ აღდგება - მსოფლიო ბანკის მძიმე პროგნოზი

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ბანკის კიდევ ერთი მძიმე პროგნოზი - ყველაზე დიდი დონორი ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ გლობალური ტურიზმის აღდგენა 2022 წლის მეორე ნახევარზე ადრე ვერ მოხდება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ყველაზე მეტად გაუჭირდებათ იმ ქვეყნებს, რომელთაც პრობლემები აქვთ ინვესტიციების მოზიდვაში, ჭარბ საგარეო ვალსა და ტურიზმში - ეს კი საქართველოსთვის განაჩენის ტოლფასია. 

მეორე პრობლემაა ჭარბი საგარეო ვალი, რომელიც $32 მილიარდს აღწევს და საქართველოსთვის ისტორიულ მაქსიმუმზეა. 

რაც შეეხება ტურიზმს - სფეროს, რომლიდანაც ქვეყანა $10 მილიარს იღებდა - მის აღდგენას 1 წელზე მეტი დასჭირდება. 

თავის მხრივ, ნავარაუდებია, რომ 2020 წლის ეკონომიკური კლება საქართველოსთვის -6%-იანი იქნება, 2021 წელს კი მაჩვენებელი 4%-იან ზრდას მიაღწევს. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილ გამოწვევებს, შესაძლოა, ეს წელიც ეკონიკურად წამგებიანი აღმოჩნდეს. 

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი მოუწოდებს ქვეყნებს, გააძლიერონ ჯანდაცვის სისტემები, რომლის უმთავრესი ელემენტი დროული და ორგანიზებული ვაქცინაციაა. 

ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველომ ახლავე უნდა იზრუნოს ეკონომიკური ზრდისთვის, რათა ვითარება გამოსწორდეს. 

"საქართველომ უნდა აჩვენოს გამოსავალი, რაც პირდაპირ კავშირშია ინვესტიციების მოზიდვასთან. ყირაზე უნდა დავდგეთ, უნდა ვიყოთ განსხვავებულები და ორიგინალურები. თუ არ ვაჩვენეთ უპირატესობები გადასახადებში, ჯანმრთელ გარემოში, არსებული ეკონომიკური ზრდით შედეგს ვერ დავდებთ", - ამბობს Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე.

"მსოფლიო ბანკის კვლევა ამბობს, რომ თუ ასეთი ტიპის მთავრობა გვეყოლება, 2 წელიწადი დასჭირდება პანდემიამდე სიღარიბის რა ნიშნულზეც ვიყავით მასთან დაბრუნებას. ნორმალური ხელისუფლების პირობებში დღეს შემოვიდოდა ევროპული კომპანიებიც - დავკარგეთ განვითარების შესაძლებლობა", - ამბობს ირაკლი ყიფიანი.

გარდა ეკონომიკური ჩიხისა, საქართველოს განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორებია პოლიტიკური კრიზისი, დემოკრატიული ინსტიტუტების მოშლა, გეოპოლიტიკური ვითარება, თუმცა მსოფლიო ბანკის ანგარიში არა განაჩენი, გაფრთხილებაა, რომ მთავრობამ ადეკვატური გეგმა შეადგინოს და თანმიმდევრულ ნაბიჯებს მიჰყვეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი