
ზამთრის ყველაზე ცივ დღეებში ქუჩაში ლუკმა პურის საშოვნელად მდგარმა გარემოვაჭრეებმა ზუსტად იციან, ვისი ბრალია მათი გაჭირვება, უკეთეს ცხოვრებაზე დაპირებაც და ოცნებაც .
გამოსამშვიდობებელ წერილში ოლიგარქი აღიარებს, რომ სიღარიბის პრობლემა ქვეყანაში მართლაც მწვავედ დგას, მაგრამ არა „ქართული ოცნების“ არამედ სწორედ მოქალაქეების მეოცნებეობისა და წინამორბედი ხელისუფლების მემკვიდრეობის გამო.
რეალურად კი მხოლოდ 2020 წელს 140 000-მდე ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. გაიზარდა შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, ვისაც უკიდურესად უჭირს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 150 000 ბავშვი შიმშილობს, 135 ათასზე მეტი პენსიონერი კი სიღარიბის ზღვარზეა.
ეკონომისტები ამბობენ, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად უარესობისკენ შეიცვალა.
მმართველ პარტიას რვა წელი ჰქონდა, რომ შეეცვალა მემკვიდრეობა, რომელიც ივანიშვილს ასე ძალიან არ მოსწონს, მაგრამ ეკონომისტების მტკიცებით „ქართული ოცნება“ ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე უარესი მმართველია რაც კი ქვეყანას ჰყოლია.
ყველაზე უკეთ კი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ეკონომიკური შედეგი, რიგითი მოქალაქეების ჯიბეებსა და სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე აისახა. გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, განახევრებული ეკონომიკური ზრდა და გაორმაგებული საგარეო ვალი, ასეთი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდის ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმუმი რვა წლის თავზე.