რუსეთი ფქვილს აძვირებს - თებერვლიდან პური გაძვირდება

გამოქვეყნდა:

თებერვლიდან პური კიდევ უფრო გაძვირდება - პურის ბიზნესში დასაქმებულები მიზეზად ფქვილსა და ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას ასახელებენ. როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, კერძო სექტორში დასაქმებულები ამბობენ, რომ მთავრობა წვრილ ბიზნესს არ ასუბსიდირებს და შესაბამისად, იძულებულები ხდებიან, რომ პროდუქტი გააძვირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრების პირას აღმოჩნდებიან.

თებერვლიდან ფქვილი რუსეთის ახალი გადაწყვეტილების გამო გაძვირდება. ოკუპანტი ქვეყანა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების შემოღებასა და საბაჟო ტარიფების მატებას 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით გეგმავს, რის გამოც, ერთი ტონა ხორბლის შემოტანა იმპორტიორებს მინიმუმ 300 დოლარი დაუჯდება, ეს კი ფქვილის ფასზეც აისახება. 

როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ლევან სილაგავა განმარტავს, თუ მთავრობა სუბსიდირების პროგრამას გააგრძელებს, ქარხნული პური არ გაძვირდება, თუმცა, ეს არ შეეხება თონის პურს.

ფქვილი არ არის ერთადერთი პროდუქტი, რომელზეც რუსული ხორბლის გაძვირების გამო ფასი გაიზრდება. იმავე პრობლემის წინაშე დგას ის ბიზნესი, რომელიც მარცვლეულს მოიხმარს და მათი წარმოების დიდი ნაწილი სწორედ ამაზეა დამოკიდებული. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე, ზურაბ უჩუმბეგაშვილი ხორბლის გაძვირების გამო კვერცხსა და ქათმის ხორცზე ფასის მატებას აანონსებს.

სფეროს ექსპერტები რუსული ბაზრისგან თავის დაღწევის ერთადერთ გამოსავლად ხორბლის იმპორტის კუთხით ალტერნატიული გზების გამონახვას ხედავენ.

რამდენი თეთრით გაიზრდება პური და სხვა საკვები პროექტები ეს თებერვალში გადაწყდება, როდესაც რუსეთი საექსპორტო საბაჟო გადასახადზე გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებს.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი