ონლაინ გაყიდვები შეწყდა – ბიზნესი ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაჩერდა, რის გამოც მთავრობა ეკონომისტების კრიტიკას იმსახურებს

გამოქვეყნდა:

მთავრობის დადგენილება ძალაში შევიდა და ონლაინგაყიდვები შეწყდა. დისტანციურად ვეღარ იყიდით წიგნს, ტანსაცმელს, აქსესუარს, სუნამოს, ტელეფონს, მეორადი მოხმარების საგნებს, თუმცა შეგიძლიათ შეუკვეთოთ და სახლში მოგიტანენ პიცას ან წვნიანს.

საქართველოში ბიზნესი, ფაქტობრივად, გაჩერდა. ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებმაც უკვე მილიონობით ლარის ზარალი ნახეს, აკრძალვა, ფაქტობრივად, განაჩენია.

კორონავირუსის საფრთხის გამო 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი რამდენიმე კვირის წინ დახურა. ბიზნესმა გადარჩენის ერთადერთი გზა, ონლაინ გაყიდვები იპოვა, თუმცა ამაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა. რეგულაციის მოტივად მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა დასახელდა, თუმცა არგუმენტი ბიზნესოპერატორებისთვის გაუგებრია.

მათთვის პრემიერის მიერ შემოღებული რეგულაცია ბიზნესის გაკოტრებასა და ათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებას ნიშნავს, რადგან ონლაინგაყიდვები ერთადერთი იყო, რითაც ვალდებულებების დაფარვა ხდებოდა. დღეს უკვე გადარჩენის ერთადერთი წყაროც გაქრა.

მთავრობის დადგენილებამ ონლაინ მომსახურებაზე გადართული ბიზნესი ჩიხში შეიყვანა. მსხვილი და ბრენდული მაღაზიების გარდა, გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ ინტერნეტ მაღაზიები და საკურიერო კომპანიებიც.

ეკონომისტების თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილები იმპორტის მაქსიმალურ შეზღუდვას უკავშირდება. ხელისუფლება ცდილობს ქვეყნიდან ნაკლები უცხოური ვალუტა გავიდეს, მიზანი ლარის სტაბილურობის შენარჩუნებაა. ექსპერტების განცხადებით, გადაწყვეტილება საღ აზრს მოკლებულია და ის ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსისკენ მიაქანებს.

ხელისუფლება კი კომპანიებისგან მათი საქმიანობის უსაფრთხოებაზე გარანტიებს ითხოვა, თუმცა ჯერ კიდევ არ დაუდგენია ნორმები, რომელსაც ბიზნესი უნდა აკმაყოფილებდეს.

როდის და რა ფორმა ექნება შემოწმებას, ჯერ უცნობია. ამასობაში კი ისედაც დაპაუზებული ბიზნესი კიდევ უფრო მეტად ზარალდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი