ბიზნესის 6 მოთხოვნა და ბრძოლა გადარჩენისთვის - მთავრობასთან შეხვედრა ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

შეძლებენ თუ არა რესტორნები თებერვლიდან მომხმარებლების მიღებას, ამ დრომდე უცნობია. ჩაკეტილი ბიზნესის გახსნასთან დაკავშირებით ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა შეხვედრა მოულოდნელად გადაიდო.

ეს კი შესაძლოა იმ 6-პუნქტიან მოთხოვნებზე პასუხიც იყოს, რომელიც 15-მა ბიზნეს ასოციაციამ გაახმოვანა და რომელიც რესტორნების, სასტუმროების გახსნას და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას ეხებოდა.

11-თვიანი ჩაკეტვა რომ ბიზნესზე კონკრეტულად კი რესტორნებზე მძიმედ აისახა, ამაზე რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე საუბრობს. ამბობს, რომ მთავრობის პოლიტიკა - ვისწავლოთ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება, რეალურად მხოლოდ სიტყვებია და ხელშესახები ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.

მთავრობისგან დროულ რეაგირებას და ხელშეწყობას ითხოვენ ტურისტული კომპანიებიც. ბიზნესმენების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ტურისტებს თებერვლიდან მიიღებს, სექტორს მოსამზადებლად და პარტნიორებთან საკონტაქტოდ საკმაოდ მცირე დრო რჩებათ, ამიტომ სრულ მობილიზებას მაინც ვერ მოახერხებს და სეზონი ჩავარდება.

რესტორნების და სასტუმროების გარდა, პრობლემების დროულად მოგვარებას ითხოვს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციაც. ამბობენ, რომ თუ წინა სეზონის ჩავარდნის შემდეგ, წელს თებერვალში ტურისტების მიღებას ვერ შეძლებენ, სექტორი გაკოტრდება.

პრობლემებზე საუბრობენ მოლების წარმომადგენლებიც, რომლებიც მუშაობას ოფიციალურად პირველი თებერვლიდან აგრძელებენ. ყვებიან, რომ გახსნის მიუხედავად, კიდევ ბევრი საკითხია ბუნდოვანი - აღდგება თუ არა ტრანსპორტი, რადგან მიმოსვლა და თანამშრომლების გადაადგილება მათთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

როდის შეძლებენ ბიზნეს ასოციაციები ამ წინადადებების მთავრობის წარმომადგენლებთან განხილვას, უცნობია. რადგან დღევანდელი ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, ზუსტი თარიღი, როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, არ დასახელებულა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი