
ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 25 იანვარს მარნეულში, აზერბაიჯანელები თავს დაესხნენ სომხური სატვირთო მანქანების კოლონას, სიცრუე და დეზინფორმაციაა - ასე დაასკვნა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა და კონკრეტული მტკიცებულებებიც მოიყვანა.
25 იანვარს, სომხურენოვან მედია პლატფორმებზე news.am და yerevan.today გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულში აზერბაიჯანელები თავს დაესხნენ სომხური სატვირთო მანქანების კოლონას და დააზიანეს 30-მდე მანქანა.
სტატია ეყრდნობა ინციდენტის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი მძღოლის განცხადებას. „ტვირთის გადაზიდვა ჩვენთვის საქართველოს გავლით უკვე ძალიან საშიში ხდება, ჩვენ უკვე ვხედავთ სიკვდილს აზერბაიჯანელების ხელით“ - აღნიშნულია yerevan.today-ს სტატიაში „მარნეულში აზერბაიჯანელებმა 30-ზე მეტი სომხური სატვირთო მანქანა ჩაქოლეს“.
იდენტურ ინფორმაციას ავრცელებს სომხურენოვანი ონლაინ მედია news.am. სტატიას თან ერთვის „yerevan.today”-ის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალა, სადაც ასახულია აღნიშნული თავდასხმა. რეალურად, სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სომხურ სატვირთო მანქანებზე თავდასხმის შესახებ, ნაწილობრივ დეზინფორმაციაა და ეყრდნობა დაუზუსტებელ ფაქტებს.
ინციდენტს მყისიერად გამოეხმაურა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა სომხურ სატვირთო მანქანებზე ქვემო ფონიჭალაში მოხდა, თავდამსხმელები კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. სატვირთო მანქანებმა საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთა საპატრულო პოლიციის თანხლებით შეძლეს. ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ ინციდენტს ადგილი ჰქონდა მარნეულში, დეზინფორმაციაა, დამნაშავეების შესახებ კი ამ დრომდე არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ფბ გვერდზე აღნიშნულია, რომ ამ დეზინფორმაციაზე ინტერაქციამ ერთი დღის განმავლობაში 4.000-ს გადააჭარბა.