კომისიაში საქმის წარმოება დააზიანებს მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმს - კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის"

გამოქვეყნდა:

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის"  კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელი სხდომის წინ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია კომისიის მცდელობა, შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია და ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, ვინაიდან მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია.

კოალიცია აღნიშნავს, რომ ასეთი ფაქტის დაშვებით სახეზე იქნება მედიის შინაარსობრივი კონტროლი, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა.

წარმოების დაწყების საფუძველი კომუნიკაციების კომისიის აუდიო-ვიზუალური მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თეიმურაზ ქორიძის 2020 წლის 28 დეკემბრის სამსახურეობრივი ბარათია. აღნიშნული დეპარტამენტის შეფასებით, „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებული სიუჟეტი შეიცავს ქმედებებს (განცხადებებს) რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, აღნიშნულ არაეთიკურ ქმედებებს (განცხადებებს) არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება, და ცალსახად ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებას და ძირითად უფლებებს. შესაბამისად, იკვეთება „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის ნიშნები.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ აცხადებს, რომ კომინიკაციების კომისია 2009 წლის 10 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე აპელირებს, თუმცა კომისიის მოსაზრება სასამართლოს 11 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეესაბამება.

მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებები და მოტივაცია 2007 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონისა და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა მაუწყებლის მიერ რიგი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კერძო პირების მიერ მათ გასაჩივრებას კომისიასა და სასამართლოში. სადავო ნორმები გასაჩივრდა საქართველოს კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში, რომელიც იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

კოალიცია აღნიშნავს, რომ სასამართლოს არც ერთ პარაგრაფში, არც პირდაპირ და არც ირიბად მიუთითებია იმაზე, რომ ასეთივე უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს მესამე პირს, ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საკუთარი ინიციატივით, ყოველგვარი მოსარჩელის გარეშე, თავად გადაწყვეტს რომ კონკრეტული პროგრამა ლახავს ვინმეს ინტერესებს და შეიცავს უხამსობას.

“აღნიშნული არათუ არ გამომდინარეობს გადაწყვეტილებიდან, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მას, ვინაიდან ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო ვრცელ მსჯელობას უძღვნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სააფრთხეებს, მაშინ, როდესაც დაცვის საგანი ხდება სუბიექტური გრძნობები და აბსტრაქტული ცნებები. აღნიშნული რისკები კი კიდევ უფრო მეტად იზრდება მაშინ, როდესაც ამ საკითხებს განიხილავს არა დამოუკიდებელი ხელისუფლების შტო (მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე), არამედ ადმინისტრაციული ორგანო, საკუთარი ინიციატივით.

სასამართლო აღნიშნავს: „ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებული უნდა იყოს, როდესაც უფლების დარღვევას მაუწყებლის ბრალეული ქმედება იწვევს, ამასთან, გამოკვეთილი უნდა იყოს ის უფლება, რომლის დასაცავადაც გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონოებს მაუწყებლის თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას/

ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, რას ამბობენ კოლეგები და მათი აუდიტორია. მედიამ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა შეძლოს გააცნობიეროს და გამოასწოროს დარღვევა. ხოლო კომუნიკაციების კომისიის ის პოზიცია, რომ თვითრეგულირების მექანიზმი მაუწყებლებში არ მუშაობს სათანადოდ, ვერ იქნება, რადგან თავად ეს ადმინისტრაციული ორგანოა პასუხისმგებელი თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიან მუშაობზე.

გვაქვს მოლოდინი, რომ კომუნიკაციების კომისიაში საქმის წარმოება დააზიანებს მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმს. უკანონო შეზღუდვა კი ასევე გავრცელდება სხვა მაუწყებლებზე. მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას იმოქმედოს თავისი მანდატისა და კანონმდებლობის ფარგლებში, პატივი სცეს მედიის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირების აღიარებულ სტანდარტებს”, — აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“”, — აცხადებს კოალიცია.

შეგახსენებთ, კახა ბექაურის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია "მთავარი არხის საქმეზე" , ასევე ტელეკომპანია "ფორმულის" საქმეზე გადაწყვეტილებას 15:00-ზე გამოაცხადებს. 

შეგახსენებთ, დავის საგანია პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის უხერხული კადრის ჩვენება, ბოლო სხდომაზე, მარეგულირებელი კომისიის წევრები, გულმოდგინედ ეძებდნენ უხამსობას ბექა ყორშიას ამ ამ სიუჟეტში. , ხოლო "ფორმულა" დაასანქცირა, დღის მონაკვეთში სერიალ ჩცდ-ს გაშვებისთვის, რომელიც კომისიის აზრით, უხამსობას შეიცავდა და, ამასთან, დაირღვა მაყურებლის ასაკის განსაზღვრის წესი.

"მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ კომისია აუცილებლად გამონახავს ბერკეტს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა გააკონტროლოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი