მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით, ჯერ კიდევ გუშინ საღამოს, კარტოგრაფებისთვის დაკისრებული გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი, სრულად შეგროვდა.
თანხის შეგროვების ორგანიზება "სირცხვილიას" გვერდზე დაანონსდა და დაახლოებით ორი საათი დასჭირდა სრული თანხის მობილიზებას.
"ის, რომ განცხადებიდან სადღაც, საათნახევარში, 40 ათასი ლარი შეგროვდა, ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ პირწმინდად მოუგო ხელისუფლებას ეს საქმე და რომ საზოგადოება დარწმუნებულია - ეს ადამიანები უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებული. ძალიან მიხარია, რომ ეს ადამიანები არ ინერვიულებენ ამაღამ გირაოს თანხაზე", - ამბობს "სირცხვილიას" ერთერთი დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს, ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა კარტოგრაფებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებდა.
29 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა.
გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან. ივერი მელაშვილის ადვოკატი ამ გადაწყვეტილების, ასევე, გირაოს თანხის გასაჩივრებას გეგმავს.