უკვე დამტკიცებული თბილისის ბიუჯეტი დღეს 55 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა, ცვლილება არა დამატებითი შემოსავლების მოზიდვის, არამედ გასული წლის ბიუჯეტში აუთვისებელი 69 მილიონი ლარის ხარჯზე მოხდა. თბილისის საკრებულომ განახლებულ ბიუჯეტს დღეს მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა და ახლა 2021 წლის თბილისის ბიუჯეტი 1 მილიარდ 105 მილიონ ლარს შეადგენს. მმართველმა გუნდმა ბიუჯეტის პრიორიტეტებეზეც იმსჯელა და როგორც აღმოჩნდა ახალი ბიუჯეტი ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოერგება.
მაშინ, როდესაც ქვეყანა კოვიდპანდემიას ებრძვის და ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ეკონომიკა უმწვავესი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, დედაქალაქის ბიუჯეტში ნაშთის სახით დარჩენილი მილიონებისთვის კახა კალაძემ, როგორც ჩანს მიმართულება ვერ მოძებნა, თუმცა, აუთვისებელ თანხებს უმრავლესობაში პანდემიის გამო შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტებით და ტენდერებიდან დაზოგილი თანხებით ამართლებენ.
ბიუჯეტში ცვლილებების პარალელურად, 1 მილიონი ლარით გაიზარდა მერიის სარეზერვო ფონდიც. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სარეზერვო ფონდი გასულ წელს პანდემიის გამო დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარდა და მისი გაზრდის აუცილებლობაც ამიტომ დადგა. მათი მტკიცებით ფონდი ახლაც მოწყვლად ჯგუფებს მოხმარდება.
მმართველი გუნდის მტკიცებას, რომ სარეზერვო ფონდის გაზრდილი დაფინანსება ხალხს მოხმარდება, ყველაზე ნაკლებად გაღატაკებულ მოსახლეობას სჯერა. შემოსავალ დაკარგული და მძიმე ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ადამიანები დედაქალაქის მერს ხალხის დახმარებისკენ მოუწოდებენ და აუთვისებელი ბიუჯეტის მიზანმიმართულად დახარჯვას ურჩევენ.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვას დღეს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო ოპოზიცია. ხელისუფლების პონენტებს მიაჩნიათ, რომ აუთვისებელი თანხა სოციალური მიმართულებით უნდა დახარჯულიყო, რაც პანდემიის გამო დაზარალებულ მოსახლეობას მდგომარეობას შეუმსუბუქებდა, თუმცა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა გაჭირვებულების დახმარება.
თბილისის საკრებულოში უახლოეს მომავალში დედაქალაქის ბიუჯეტის კიდევ 50 მილიონით ზრდას ელოდებიან, ამჯერად ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერის მეშვეობით, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ გასული წლის პრაქტიკას რთული გამოსაცნობი არ არის, რომ მილიონებით გაზრდილი ბიუჯეტი ხალხს, არც ამჯერად მოხმარდება.